სამყაროში ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივად დაკავშირებულია. ჩვენს ცხოვრებაში მოვლენები და გარემოებები ერთ დიდ ჯაჭვს ქმნის და ერთიანობაში ჩვენს დღევანდელ ყოფას განაპირობებს. ამავე მიდგომით, სოფლის მეურნეობა ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია, ამ რგოლში კი, დამატებით ბევრი ისეთი ელემენტია, რომლის შესახებ შეიძლება არ ვიცით, თუმცა სწორედ მათი გამართულობა წარმოქნის საერთო მდგომარეობას. სოფლის მეურნეობაში ერთ-ერთი ასეთი ნაწილი — ცხოველთა და ფრინველთა კვებაა, რომლის წარმოების ხარისხი საბოლოოდ საქართველოს სოფლის მეურნეობაში არსებული ბიზნესების პროდუქციის ხარისხს განსაზღვრავს.
“ნუტრიმაქსი” დაარსდა 2009 წელს და ის პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ცხოველთა და ფრინველთა საკვებს ინდუსტრიულად აწარმოებს. კომპანიის მისიაა მაღალხარისხიანი პროდუქციის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კვალიფიციური კონსულტაციების მიწოდების საშუალებით, განავითაროს ფერმერული მეურნეობები საქართველოში. კომპანია დაარსების დღიდან ჰოლანდიური მსხვილი ჰოლდინგის წევრის — Trouw Nutrition Hifeed-ის ოფიციალური პარტნიორია, რომელსაც ცხოველთა საკვების, აუცილებელი პრემიქსებისა და მინერალების წარმოებაში მსოფლიოში ლიდერის პოზიცია უკავია. აღნიშნულ კომპანიასთან “ნუტრიმაქსს” აკავშირებს ექვსწლიანი შეთანხმება, რომლის მიხედვით, საერთაშორისო წამყვანი სპეციალისტები უზიარებენ ცოდნასა და ტექნოლოგიებს “ნუტრიმაქსის” თანამშრომლებსა და მომხმარებლებს. სამომავლოდ, Trouw Nutrition Hifeed-თან კოლაბორაციით, კიდევ ბევრი საინტერესო ინოვაციური პროექტი იგეგმება.
ჩვენ გავესაუბრეთ “ნუტრიმაქსის” ფინანსურ დირექტორს, ეთო მოდრეკილაძეს.
"დღეს, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა - მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფაა. ჩვენ, ჩვენი მისიის ერთგულნი ვრჩებით და შეუფერხებლად ვამარაგებთ ფერმებს ხორც-პროდუქტებისა და კვერცხის წარმოებისთვის საჭირო საკვებით. საწარმო უწყვეტ რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ არ მოხდეს ჩავარდნა სოფლის მეურნეობის ჯაჭვში და ფერმერებს ხარისხიანი პროდუქცია მათი პირუტყვის გამოსაკვებად დროულად მიეწოდოს"
ეთო, რა პროდუქციას აერთიანებს “ნუტრიმაქსი” და ვინ არიან თქვენი მომხმარებლები?
დღესდღეობით, “ნუტრიმაქსის” ასორტიმენტი მოიცავს 100-მდე დასახელების გრანულირებულ და არაგრანულირებულ პროდუქტს, ღორის,
მსხვილფეხა საქონლის, სახორცე და მეკვერცხული მიმართულებების, ფრინველებისა და თევზისთვის. ჩვენი მომხმარებლები არიან
მცირე, საშუალო და მსხვილი ფერმები, როგორც საქართველოში, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანში. გამოდის, რომ ჩვენ, საკვებით
ვამარაგებთ მთელ სამხრეთ კავკასიას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩვენ ექსპორტი განას რესპუბლიკაში განვახორციელეთ და
საერთოდ, აქტიურად ვცდილობთ სხვა საექსპორტო ბაზრებზე გასვლას. დღესდღეობით, “ნუტრიმაქსის” წლიური წარმადობა დაახლოებით
50,000 ტონა საკვებს მოიცავს.
როგორია “ნუტრიმაქსის” პროდუქციის ხარისხი?
“ნუტრიმაქსის” მიერ წარმოებული პროდუქცია არ შეიცავს ადამიანისთვის მავნე დანამატებს. იგი დაბალანსებულია ისე, რომ
უზრუნველყოს ცხოველი და ფრინველი ნორმალური ზრდისთვის საჭირო საკვები ნივთიერებებით. “ნუტრიმაქსის” საწარმოში დანერგილია
ხარისხის კონტროლის რამდენიმეეტაპიანი პროცედურა. ნედლეული, მიღებამდე გადის ლაბორატორიულ შემოწმებას და მხოლოდ
სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ ხდება მისი წარმოებაში გადაცემა. ასევე, ლაბორატორიულად მოწმდება
დაუმთავრებელი პროდუქცია წარმოების სხვადასხვა ეტაპზე და თავისთავად, მზა პროდუქციაც სარეალიზაციოდ გატანამდე.
2017 წლის ბოლოს, ჩვენ დავასრულეთ ISO:22000 სტანდარტების დანერგვა, მივიღეთ ხარისხის სერტიფიკატი და ყოველწლიურად წარმატებით გავდივართ აუდიტს, რაც ჩვენი პროდუქციის ხარისხის ფაქტობრივი დასტურია.
როგორ ხდება პროდუქტების შეკვეთა და მიწოდება COVID-19-ის პირობებში?
COVID-19-ის პირობებში, დავამატეთ მიტანის სერვისი, რომლის წყალობით, საქართველოს ფერმერებისთვის გამარტივდა წვდომა
ცხოველთა და ფრინველთა მაღალხარისხიან საკვებზე. პროდუქცია რეგიონებში ნაწილდება ჩვენი დილერების საშუალებით, რომლებიც
საბითუმო შესყიდვებს პირდაპირ საწარმოსთან მდებარე საწყობიდან ახორციელებენ. მიტანის სერვისით სარგებლობა შესაძლებელია
მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის მარნეულსა და ბოლნისში. შეკვეთის დაფიქსირებისთვის საჭიროა მხოლოდ რეგიონის
შესაბამის დილერთან ტელეფონით დაკავშირება. ჩვენ ვაგროვებთ ერთი დღის შეკვეთებს და პროდუქცია ადრესატისთვის მომდევნო
სამუშაო დღეს მიგვაქვს. მიტანის სერვისი უფასოა და ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს პირობა არსებულ სიტუაციაში უცლვლელი
დავტოვოთ.
თქვენი აზრით, რა სირთულეების წინაშე დგას სოფლის მეურნეობა ახლა?
პანდემიამ შეაფერხა სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიწოდება და რეალიზაცია. საქმიანობა შეუჩერდათ სასტუმროებსა და
რესტორნებს, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ბოსტნეულის, საქონლისა და ქათმის ხორცის მოხმარება. დაეცა ფასები ქათმისა და
საქონლის ნედლ ხორცზე. გარდა ამისა, გაჩნდა უარყოფითი მოლოდინები საფურაჟე მარცვლეულით მომარაგებასთან დაკავშირებით,
რამაც გამოიწვია ფასების მნიშვნელოვანი ზრდა. ლარის კურსის დაცემამ კიდევ უფრო გააძლიერა ზეწოლა ნედლეულის ფასებზე.
ჩვენი მიმდინარე გამოწვევა, სწორედ ნედლეულის გაზრდილი ფასებისა და მომარაგების უწყვეტობის შენარჩუნებაა. მაქსიმალურად
ვცდილობთ თვითღირებულების ზრდა მთლიანად არ ავსახოთ ფასში, რათა ხელი შევუწყოთ სექტორს გაუმკლავდეს არსებულ სირთულეებს.
როგორ თვლით, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობის სექტორი არ დაზარალდეს?
COVID-19-ით შექმნილ სიტუაციაში გამოიკვეთა სოფლის მეურნეობის სექტორის პრიორიტეტულობა. პირველ რიგში, კარგი იქნება
პროდუქციის რეალიზაციის ჯაჭვის გადაწყობა მაქსიმალურად სწრაფად, რათა ფერმერებმა დროულად მიიღონ უკუგება თავიანთი
საქმიანობიდან.
ასევე, მნიშვნელოვანია ამ სფეროში დასაქმებულ პირებს გაუჩნდეთ წვდომა საბრუნავ საშუალებებსა და იაფი დაფინანსების წყაროებზე, რათა არ მოხდეს სექტორის შემცირება და მოლოდინები ამ მიმართულებით პოზიტიური იყოს. კარგი იქნება საგადასახადო შეღავათების დაწესება — მაგალითისთვის, ქათმის ხორცის მწარმოებლების დღგ-ს გადასახადისგან დროებით გათავისუფლება. ეს დადებითად აისახება ბროლერის ხორცის წარმოების სექტორზე და ფაქტობრივად ახალ სიცოცხლეს შთაბერავს მას.
რაიმე სიახლე ხომ არ გაქვთ მომხმარებლებისთვის მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით?
კრიზისით დაზარალებულ მოქალაქეთა მხარდასაჭერად, დავიწყეთ პროექტი „ნუტრიმაქსის ფერმერთა სკოლა“. ეს ჯგუფი განკუთვნილია
იმ მოქალაქეების დასახმარებლად, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი და დაინტერესებულნი არიან მცირე ფერმერული მეურნეობის
შექმნით. პროექტის ფარგლებში, “ნუტრიმაქსი” მსურველებს მიაწოდებს პრაქტიკულ ინფორმაციას ცხოველების გამოზრდის შესახებ,
მისცემს მათ საშუალებას ჩაერთონ ონლაინ სწავლებაში, მიიღონ კონსულტაცია დაფინანსების წყაროების შესახებ და გაეცნონ
პრაქტიკულ რჩევებს, რომლებიც მათ საქმიანობის სწორად დაგეგმვასა და მართვაში დაეხმარება.
ფერმერთა სკოლით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შემოგვიერთდნენ ჯგუფში — https://bit.ly/3aGLrL0
შექმნილი ვითარების ფონზე აშკარაა, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი გამოთქვამს სოფლის მეურნეობაში ჩართვის სურვილს, ეს კი ამ სფეროსთვის ახალი რესურსია, რაც თავისთავად კარგია. ვფიქრობ, ჩვენი ამოცანაა, შევეცადოთ მაქსიმალურად მოვიზიდოთ ასეთი ადამიანები. ამ ამოცანიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი იქნება, რომ შევიმუშავოთ ინიციატივებისა და პროექტების პაკეტი სხვა მნიშვნელოვან აქტორებთან, ფინანსური ინსტიტუტებთან, სახელმწიფოსა და დონორებთან ერთად, რათა მაქსიმალურად მოვიზიდოთ ახალი ადამიანების რესურსი მეცხოველეობასა და მეფრინველეობის სფეროში.