სირთულეების გადალახვა განვითარების წინაპირობაა. სირთულე ქმნის მოცემულობას ვეძებოთ, აღმოვაჩინოთ, შევქმნათ ახალი შესაძლებლობები.
ბოლო თვეების განმავლობაში, არსებული სირთულეების ფონზე, გამოიკვეთა, რომ ქვეყნის კეთილდღეობისთვის სოფლის მეურნეობის სექტორი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და მის მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაზრდილია. აქ, ახლა უფრო და უფრო მეტი ადამიანი მამა-პაპისეულ მიწებს უბრუნდება და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დასაწყებად ემზადება.
ამ მხრივ, ორგანიზაციები, რომლებიც სოფლის მეურნეობის ხელშემწყობ პროექტებს და პროგრამებს ახორციელებენ ახალი გამოწვევების წინაშე დადგნენ.
რა სახის დახმარება შეიძლება მიიღო თუ სოფლის მეურნეობის სექტორში ფეხის მოკიდება ახლა გსურს და რომელია ის პროექტები, რომელთა შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე — ჩვენ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს (ARDA) დეტალურად გამოვკითხეთ და აქ,ახლა ბლოგში გიზიარებთ.
კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც სოფლის მეურნეობის დასახმარებლად ბოლო პერიოდში გადაიდგა
დღეს, ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, მობილიზებულია ათეულობით მილიონი ლარი. მიზანი ერთია, COVID-19-ის გავრცელებით
გამოწვეული ზიანი მინიმუმამდე დავიდეს და ქვეყნის ეკონომიკა პანდემიამდე არსებულ ნიშნულს მაქსიმალურად სწრაფად
დაუბრუნდეს. მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ფერმერები მნიშვნელოვან დახმარებას უკვე იღებენ.
პირველ რიგში, რაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაითვალისწინა — ფერმერული გაერთიანებების მოთხოვნები და მათთვის სპეციალური პროგრამების შემუშავებაა, რომლებსაც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს. შედეგად, დღესდღეობით, 1 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე ფერმერები იღებენ: 150 ლიტრ დიზელს შეღავათიან ფასად, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესაძენად აგრობარათზე დარიცხულ ქულებს, სამელიორაციო მომსახურების გადასახადის ნაწილობრივ ჩამოწერას და აგროკრედიტს, საბრუნავი საშუალებებისთვის.
უკვე წარმატებით განხორციელდა არაერთი პროექტი, მათ შორის ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებში დაფინანსებულმა ხორბალმა 40,000 ტონა შეადგინა.
რა სახის გრანტები შეგიძლია მიიღო აქ, ახლა
სექტორული დახმარების მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ ფერმერები განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან მხარდაჭერას იღებენ, კერძოდ:
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სააგენტოს მთავარი ამოცანა ბიზნესზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობის განვითარება და პანდემიის შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე კიდევ უფრო გაზრდილი კონკურენტუნარიანობით გასვლაა.
“ჩვენი პროგრამები და პროექტები შესაძლებლობას აძლევს ფერმერებს განავითარონ საკუთარი მეურნეობები, გაზარდონ
წარმოება, გახდნენ უფრო მეტად ბიზნესზე ორიენტირებულნი და გაზარდონ თავიანთი შემოსავალი. ეს კი, თავის მხრივ, ხელს
უწყობს სოფლად მცხოვრებთა კეთილდღეობის ზრდას. მოკლედ რომ ვთქვა, ჩვენ ფერმერებს ვთავაზობთ არა თევზს, არამედ ანკესს
და ვასწავლით მათ თევზაობას”.
ილია თამარაშვილი, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი
სააგენტოს მიმდინარე პროექტები
მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებული ყველა პროექტი თუ პროგრამა ეფუძნება ფერმერების საჭიროებებს და
მორგებულია არსებულ რეალობას. ერთ-ერთი პირველი, რაც მთავრობამ გააკეთა ფერმერების პირდაპირი დახმარებაა.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების პროგრამა, რომელსაც სააგენტო
ახორციელებს, გულისხმობს სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ხვნის მომსახურების ღირებულების დაფინანსებას და მისი ბიუჯეტი
37 მილიონ ლარს შეადგენს. პროგრამაში მონაწილეობას 200,000-ზე მეტი ფერმერი მიიღებს.
ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ სოფლის მეურნეობაში ჩართული ადამიანებისთვის საწვავის ფასს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ანტიკრიზისული გეგმის კიდევ ერთი ნაწილია აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა. პროგრამის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული 0,25 ჰა და მეტი ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მფლობელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, დიზელის საწვავის შეძენა შეღავათიან ფასად წლის ბოლომდე შეუძლიათ.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც პანდემიის დროს დღის წესრიგში დადგა, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებაა. სწორედ ამიტომ, შეიქმნა ერთწლიანი კულტურების წარმოებისთვის საბანკო სტიმულირების მექანიზმი, რაც გულისხმობს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ერთწლიანი კულტურების თანადაფინანსებას — სესხები გაიცემა 5,000 ლარიდან 100,000 ლარის ჩათვლით. სახელმწიფო 6 თვის საპროცენტო განაკვეთის სრულად დააფინანსებს, რაც ნიშნავს, რომ ფერმერს ფაქტობრივად უფასოდ შეუძლია ბანკიდან საჭირო თანხის გამოტანა. მოსავლის მიღების შემდეგ, როდესაც ფერმერს შემოსავალი გაუჩნდება, იგი გადაიხდის მხოლოდ აღებულ ძირ თანხას. ეს წამოწყება უდიდესი პოპულარულობით სარგებლობს და მაისის თვიდან უკვე 319 შეღავათიანი აგროსესხი გაიცა.
ამ პერიოდში ერთ-ერთი გამორჩეული პროგრამას რომელსაც, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, წარმოადგენს მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამა. პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია სოფლად რძის მცირე წარმოების განვითარების ხელშეწყობა, ახალი სტანდარტებისა და საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა.
როგორ შეგიძლია დაიცვა საკუთარი მეურნეობა ზარალისგან
ზოგადად, სოფლის მეურნეობა მაღალი რისკის შემცველი დარგია. მისი განვითარება დიდწილად, კლიმატურ პირობებსა და სხვა კიდევ
ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო კულტურების კლიმატური რისკებისგან დაცვა და მოსავლის
დაზღვევა, აღნიშნული დარგისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სააგენტო სადაზღვევო პოლისი ღირებულების 50%-ს ვაზის,
ხოლო სხვა დანარჩენი კულტურების შემთხვევაში, 70%-ს ფარავს, რაც ფერმერებისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა.
აგროდაზღვევის პროგრამა არის ინსტრუმენტი, რომლითაც სოფლის მეურნეობა უფრო პროგნოზირებადია, დაინტერესებული პირებისთვის
კი, დარგში ინვესტირება უფრო მიმზიდველი. მთავრობის ინიციატივით, აგროდაზრვევის პროგრამა მრავალწლოვანი ბაღების მფლობელი
ფერმერებისთვის 3 წლიანი გახდა.
სააგენტოს მიერ დაგეგმილი პროექტები უახლოეს მომავალში
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცვლილებები არსებულ პროექტებში, როგორიცაა შეღავათიანი აგრო კრედიტი, “დანერგე მომავალი”, ჩაის
რეაბილიტაციის პროგრამა და სხვა. იქიდან გამომდინარე, რომ სააგენტო დიდ ყურადღებას უთმობს არასასოფლო-სამეურნეო
მეწარმეობის განვითარებას სოფლად, ევროკავშირის „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო
პროგრამის” (ENPARD) დაფინანსებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, დაიწყო „სოფლის განვითარების
პროგრამის“ განხორციელება. პროგრამის მიზანია, სოფლად ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის შესაბამისი პირობების
უზრუნველყოფა, სოფლად გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და კლიმატის ცვლილებების შერბილების
ღონისძიებების ხელშეწყობა.
ასე რომ, თუ შენ ის ხარ, ვისაც აქ და ახლა სოფლად საქმიანობის დაწყების სურვილი აქვს და გეგმების განსახორციელებლად მხარდაჭერა ჭირდება, დარგის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება ვებ-გვერდზე www.arda.gov.ge შეგიძლია.