"დიდი ხანი არ არის, რაც საქართველოში ადგილობრივი ბიზნესები გამოჩნდნენ, ამიტომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ქართული ბრენდების მიმართ ნდობა და დაფასება ჯერ კიდევ იკიდებს ფეხს.
თიბისის ბიზნესდაჯილდოება სწორედ ამ დიდ მიზანს ემსახურება, გაუწიოს საქართველოში ბიზნესებს პოპულარიზაცია, განავითაროს ბიზნესსოციუმი და მხარი დაუჭიროს ბიზნესებს სხვადასხვა ასპექტში. ყველაზე მასშტაბური დაჯილდოება უკვე მეხუთე წელია ტარდება და საზოგადოებას სხვადასხვა კომპანიების წარმატების ისტორიებს, საქმიანობის არეალს და მათ დამსახურებებს აცნობს.
2020 წელს ბიზნესდაჯილდოებაზე 400 კომპანია დარეგისტრირდა და მათ შორის არიან ბიზნესები, რომლებიც თიბისი ლიზინგთან თანამშრომლობენ. გადავწყვიტეთ ისინი უკეთ გაგაცნოთ და გიამბოთ მათი მიღწევების შესახებ, რომელთა წყალობით ისინი სხვადასხვა ნომინაციაში უწევენ ერთმანეთს კონკურენციას.
პროლესკი — საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის
პროლესკი არის უსასრულო მთის ფერდობი დახურულ სივრცეში, სადაც სრიალისას მიღებული ეფექტი, რეალურ პირობებში მიღებული დატვირთვისა და შეგრძნებების იდენტურია. აქ მომხმარებელს შეუძლია შეისწავლოს სრიალი — როგორც თხილამურებზე, ისე სნოუბორდზე და ივარჯიშოს, დახვეწოს ტექნიკა წლის ნებისმიერ დროს. ამ სივრცეს ხშირად ფიტნესის ალტერნატივადაც იყენებენ. განსხვავდება სირთულის პროგრამებიც, პროლესკის სივრცეს ითვისებს როგორც დამწყები, ისე გამოცდილი და პროფესიონალი ადამიანი. პროლესკში მომხმარებელს შეუძლია გააუმჯობესოს კონცენტრაცია, ბალანსი, ფიზიკური შესაძლებლობები და ამავდროულად სასიამოვნოდ გაატაროს დრო მეგობრებთან ერთად შეჯიბრებების სახით.
“ ვთვლით, რომ საქართველოს ბაზრისთვის ნამდვილად საუკეთესო პროდუქტი შევქმენით, ვინაიდან დედაქალაქში ხელმისაწვდომი გავხადეთ ზამთრის სპორტის სახეობა, სეზონისა და ამინდის მიუხედავად. რაც შეეხება მომსახურებას, ჩვენს კლუბში ყველა ის პირობაა, იმისთვის, რომ მომხმარებელმა მოკლე დროსა და კომფორტულ გარემოში შეისწავლოს ან/და დახვეწოს სრიალი. საჭიროა მხოლოდ ჩვენამდე მოსვლა, დანარჩენი მომხმარებელს ყველაფერი ადგილზე დახვდება.
ჟუჟუნა — ადაპტაციის საუკეთესო მაგალითისთვის
ჟუჟუნა პირველი ქართული ნახევრად ცქრიალა ღვინოა, რომლის არსებობითაც ბრენდი ცდილობს ქართულ მეღვინეობაში სიახლის შემოტანას და ბრენდის პოპკულტურის ნაწილად ჩამოყალიბებას.
“ პანდემიამდე ჟუჟუნა ღვინოს გაყიდვის არეალს ბარები, ფესტივალები და სხვადასხვა ღონისძიებები წარმოადგენდა, რომელთა გაუქმებაც გაყიდვების განულებას ნიშნავდა. აქედან გამომდინარე, მოგვიწია გაყიდვის ახალი მოდელის მოფიქრება, რაც ონლაინ გაყიდვას (გლოვოსა და ვოლტის მეშვეობით) გულისხმობდა. ახლადჩამოსხმული ჟუჟუნა და მისგან დასამზადებელი კოქტეილები პირდაპირ მომხარებელთან გავუშვით, რამაც მოულოდნელად, საცალო ვაჭრობაში გადაგვისროლა, თუმცა ეს, რთული პერიოდის გადალახვის ერთადერთი გზა აღმოჩნდა. ჩაკეტილობის ფონზე მაინც შევძელით მომხმარებლისთვის სოციალიზაციის გემო შეგვეხსენებინა არამარტო პროდუქტით, არამედ ციფრულ სივრცეში ღონისძიებების ზუმში ჩატარებით. კარანტინის დასრულების შემდეგ, ჟუჟუნას აქტუალობამ პიკს მიაღწია, რამაც მოგვცა საშუალება დაგვემატებინა არაერთი გამორჩეული ობიექტი და მიუხედავად დაწესებული შეზღუდვებისა, გაყიდვები წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 50%-ით გაგვეზარდა. ამ ყველაფერმა ერთად გააჩინა, როგორც ფინანსური, ასევე ემოციური მზაობა იმისთვის, რომ მნიშვნელოვნად მივახლოვებოდით იმ მიზანს, რისთვისაც ჟუჟუნა შეიქმნა — ჟუჟუნა გამხდარიყო ადგილობრივების საყვარელი სასმელი და სრულად შესულიყო საცალო ვაჭრობაში 250 მლ. ბოთლებით. ახალი პროდუქტი მაღაზიების დახლებზე უახლოესი ორი კვირის განმავლობაში გამოჩნდება, რაც ნიშნავს რომ გაყიდვების არხები რადიკალურად გაიზრდება და ნაკლებად ვიქნებით დამოკიდებული ბარებსა და რესტორნებზე.
მზე — საუკეთესო სტარტაპი
შპს „ქართული კოსმეტიკა“, მომხმარებლებისთვის ცნობილი როგორც MZE, დაარსდა 2019 წელს. თავდაპირველი გეგმა იყო ორგანული კრემებისა და თავის მოვლის საშუალებების წარმოება, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ამისთვის მეტი ფინანსური ინვესტიციაც იყო საჭირო. ამიტომ, გადაწყდა არსებული დანადგარების რესურსით შექმნილიყო ქართული თხევადი საპონი.
ამ ეტაპზე, MZE-ს თხევადი საპნის ორი ხაზი აქვს: კანის დამატენიანებელი ფორმულით და ნატურალური ანტიბაქტერიული შემადგენლობით. აგრეთვე, ბაზრის საჭიროებებიდან გამომდინარე, გუნდმა შექმნა ახალი პროდუქტი - სადეზინფექციო გელი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და აქვს ლუგარის კვლევითი ცენტრის სერტიფიკატი. ამჟამად, კომპანია ამუშავებს ნატურალური ინგრედიენტებითა და ეთერზეთებით გაჯერებულ შამპუნისა და საშხაპე გელის წარმოებას. ფართო ჭრილში, განიხილება სარეცხი საშუალებების, ბავშვთა ჰიგიენის, კოსმეტიკისა და მსგავსი პროდუქტების დამატება.
“ ჩვენი ფილოსოფია ემყარება ორ იდეას: ერთი — პროდუქტი იყოს ქართული და ავთენტური, მეორე — შეიცავდეს ნატურალურ ნივთიერებებს და თავისუფალი იყოს მავნე,დაუდგენელი ეფექტის მქონე ინგრედიენტებისგან (პარაბენები, სილიკონები და სხვა). ჩვენი ბიზნესი განსაკუთრებით მოგვწონს, რადგან ვმუშაობთ ქართული გარემოსთვის აბსოლუტურად არატრადიციულ სექტორში (თავის მოვლა და ჰიგიენა) და ვაჩვენებთ, რომ სტანდარტულ გადაწყვეტილებებს თუ შემოქმედებითად შეხედავ აუცილებლად იპოვი ახალ, წარმატებულ გზებს.
ნატალი ჯგუფი ადაპტაციის საუკეთესო მაგალითისთვის
ნატალი, პირველი სილამაზის სალონი თბილისში, ბაზარზე 1995 წელს გამოჩნდა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელზეც სილამაზის სალონების მთელი ქსელი მუშაობს არის მომხმარებლების ხარისხიანი მომსახურება ფასების სამი კატეგორიის მიხედვით: სტანდარტული, ბიზნეს და პრემიუმ კლასი.
დღესდღეობით, ნატალი ჯგუფი აერთიანებს როგორც სილამაზისა და ჯანმრთელობის ცენტრს (საპარიკმახერო და ფრჩხილების სერვისები, კოსმეტოლოგია, ვიზაჟი, ექსკლუზიური სპა Germaine de Capuccini-სგან, გარუჯვის სტუდია), ასევე, შემსწავლელ აკადემიას, რომელიც ამზადებს სპეციალისტებს სალონური ბიზნესის სფეროსთვის. გარდა ამისა, ნატალი ჯგუფში შედის სადისტრიბუტორო კომპანია, რომელიც წარმოადგენს წამყვან ევროპულ კოსმეტიკურ ბრენდებს საქართველოში.
“ კორონა ვირუსის გამო, სტუმრების უსაფრთხოების მიზნით, ნატალი ჯგუფმა მომხმარებლისთვის შესაძლებელი გახადა მომსახურების/პროდუქტის სახლში მიღება. ნებისმიერი მომსახურებისთვის მომხმარებელი იღებდა უფასო ონლაინ კონსულტაციას შესაბამის სპეციალისტთან, რის საფუძველზეც შეირჩეოდა სრული პაკეტი ყველა საჭირო ინვენტარითა და პროდუქტით, რომელსაც თან ახლდა დეტალური ვიდეოინსტრუქცია, ბოლოს კი უკონტაქტო მიტანის სერვისის პრინციპით იგზავნებოდა ადრესატთან. შედეგად, პანდემიის ფარგლებშიც კი, შევძელით შეგვესრულებინა ჩვენი მისია - სილამაზის მიწოდება და ჩვენს მომხმარებლებს მივეცით შესაძლებლობა სალონური პროცედურები მიეღოთ სახლიდან გაუსვლელად, ყველანაირი უსაფრთხოების ნორმის დაცვით.
2 ტონა — საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის
2 ტონა საქართველოში კრაფტ ლუდის წარმოების პიონერია — პირველი ამერიკულ-ქართულ ვინტაჟური ვიზუალის და სტილის მქონე სამხარშაო-რესტორანი თბილისში. კომპანია ქმნის ლუდის სამყაროს, სადაც ლუდის ხარშვას ისე უდგებიან, როგორც ხელოვნებას. ლუდსახარშ-რესტორანი 2 ტონა 2017 წელს დაარსდა, სწორედ მაშინ, როდესაც ქართულ ბაზარზე ამის მოთხოვნა გაჩნდა. პროექტის წარმატებულობიდან გამომდინარე, 2019 წელს კომპანიამ კიდევ ერთი ობიექტი გახსნა, შედარებით დიდი მოცულობის ლუდსახარში დანადგარებით. ლუდსახარში და სამზარეულო 2 ტონა კონცეპტუალურად და სტილისტურად მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს ქართულ ბაზარზე და მეტიც, მთელს ამიერ კავკასიაში, რადგან მისი ანალოგი რეგიონში ფაქტობრივად არ არსებობს.
“ ჩვენ ვაწარმოებთ პრემიუმ კლასის ქართულ კრაფტ ლუდს, რომელიც გამოირჩევა თავისი გემოვნური, არომატული და ამავდროულად, გამაჯანსაღებელი თვისებებით. ჩვენი პროდუქტი შეიცავს B ვიტამინის სრულ კომპლექტს, რაც ეხმარება მრავალი დაავადების პრევენციას ადამიანის ორგანიზმში. რაც მთავარია, მომხმარებელს შეუძლია აღმოაჩინოს ჩვენ მიერ წარმოებულ ლუდებს შორის თავისი გემო: თაფლის — ოქროსფერი ელის ტიპის, ქინძის, ჟოლო — მოვარდისფრო შეფერილობის სეზონური კრაფტ ლუდი, ალუბალი — მოწითალო შეფერილობის სეზონური კრაფტ ლუდი, ფორთოხალი — ღიაფერის თეთრი ლუდი , იპა — ინდური ღია ფერის ელი, აპა — ამერიკული ღია ფერის ელი და სხვა მსგავსი სახეობები.
სტრადა ადაპტაციის საუკეთესო მაგალითისთვის
სტრადას პირველი ფილიალი თბილისში შვიდი წლის წინ გამოჩნდა და საკმაოდ მოკლე დროში ბრენდმა შეძლო გარდამტეხი როლი შეეტანა სარესტორნო სფეროში მაღალი ხარისხის, მრავალფეროვანი და ნოყიერი კერძებით, გამორჩეული სერვისითა და საინტერესო ინტერიერით. დღესდღეობით, სტრადა ქალაქში წარმოდგენილია სამი ფილიალით, რომლებიც გამოირჩევიან ლოიალური მომხმარებლების სიმრავლით და ახლო მომავალში სტრადას წარმომადგენლების თქმით, ბრენდი მომხმარებელს ახალ, ძალიან საინტერესო პროექტს შესთავაზებს.
“ პანდემიამ ბიზნესებს შორის ჰორეკა სექტორი განსაკუთრებით დააზარალა. ჩვენმა გუნდმა შეძლო მოკლე დროში სწრაფად ადაპტირებულიყო ახალ რეალობასთან , ყველა რეგულაციის დაცვით სტუმრებისთვის უსაფრთხო გარემო შეექმნა და ასევე, სურსათის ეროვნული სააგენტოს და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან შემოწმების დროს ორჯერ მაღალი შეფასება მიეღო.
სნეპი ადაპტაციის საუკეთესო მაგალითისთვის
სნეპი ფიტნესი ამერიკული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით, 2000-ზე მეტ ფილიალს აერთიანებს. ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში 2015 წლიდან შემოვიდა და დღეს, თბილისში უკვე 4 ფილიალი ფუნქციონირებს. დარბაზები აღჭურვილია ტექნოჯიმის უახლესი დანადგარებით და კვალიფიციური ინსტრუქტორებით, დარბაზები კი 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე მუშაობს. სნეპის ქართულმა გუნდა ბრენდის ქვეშ შექმნა აკადემია, სადაც ხდება ფიტნეს ინსტრუქტორების გადამზადება. აკადემიის სტუდენტებს შორის წარმატებულებს, საშუალება ეძლევათ დასაქმდნენ და განაგრძონ პროფესიული საქმიანობა ამავე კომპანიაში.
“ პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა ბიზნეს სექტორი, მათ შორის ჩვენც, თუმცა 4 თვიანი ჩაკეტვის შემდეგ, წარმატებით გავხსენით მე-4, პრემიუმ კლასის დარბაზი ქინგ დევიდში.