ბლოგი

კარიდან კარამდე სერვისი

როგორ უმკლავდება COVID-19-ს სითი ექსპრესი
აპრილი 2020

ოლიმპოს მთა რომ მართლა არსებობდეს და მხოლოდ ბერძნული მითების ნაყოფი არ იყოს, COVID-19-ის პირობებში, ღმერთებიც კი კუნძულზე დარჩენას არჩევდნენ და იქ, მხოლოდ ჰერმესს, თავიანთ მაცნეს შემოუშვებდნენ, რომელიც მათ სხვადასხვა ამბავს და სასურველ ძღვენს მიუტანდა. ასეთ დროს, ჰერმესი — გზების მფარველი და ღმერთების შიკრიკი, საგანგებოდ შეიმოსებოდა. კვერთხ კერიკეონს პარკს შემოაკრავდა, ფართოფარფლებიან ქუდსა და ფრთებიან ოქროს სანდლებს სპირტით ან ქლორით გაწმენდდა და ჰეპესტოს ოქროს სიმებით ჯადოსნური მრავალჯერადი პირბადის გამოჭედვას სთხოვდა. დღეს, როდესაც ზევსიან-თაკოიან, ყველა სახლში ზის, ჩვენს შორის არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჰერმესივით გვემსახურებიან და ჩვენთვის საჭირო ნივთებს სახლში გვაწოდებენ. საუბარი კურიერებზეა და კი, დღეს მიტანის სერვისი ღვთიური საქმეა.

ჩვენი პარტნიორი, საკურიერო მომსახურების კომპანია “სითი ექსპრესი” უკვე 10 წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებელს საშუალებას აძლევს მარტივად, ციფრული არხების საშუალებით, გააგზავნოს და აკონტროლოს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო გზავნილები. დღეს, “სითი ექსპრესის” გამოწვევა უფრო დიდია, საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, საფოსტო მომსახურება ერთ-ერთი ის სფეროა, რომელიც ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მიუხედავად, არ წყვეტს მუშაობას. შესაბამისად, “სითი ექსპრესის” გუნდი გაზრდილი პასუხისმგებლობით აგრძელებს კარიდან კარამდე სერვისის მიწოდებას, როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირებისთვის.

ჩვენ “სითი ექსპრესის” დირექტორს, თამთა პაპელაშვილს გავესაუბრეთ.

რა შეცვალა არსებულმა ვითარებამ “სითი ექსპრესის” მომსახურებაში?

ნორმალურ პირობებში ჩვენ ვპოზიციონირდებით, როგორც სწრაფი მიწოდების სერვისი. COVID-19-ის გავრცელებამ ჩვენი სტრატეგია მნიშვნელოვნად შეცვალა და მთავარ ამოცანად დავისახეთ მაქსიმალურად მეტი ადამიანისთვის გაგვეწია მომსახურება. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება შეგვეზღუდა გარკვეული სწრაფი სერვისები და შედარებით ბიუჯეტური მომსახურებით, უფრო მეტი ადამიანისთვის ვყოფილიყავით ხელმისაწვდომი. ჩვენი კომპანია თითქმის ყველა სახის გზავნილზე მუშაობს, თუმცა ამ მომენტისთვის განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა პირადი უსაფრთხოების საშუალებების, სადეზინფექციო ხსნარების, სამსახურეობრივი მნიშვნელობის დოკუმენტებისა და ყოველდღიური მოხმარების ნივთების მიწოდებაზე. უსაფრთხოების მიზნით, შევზღუდეთ ნაღდი ანგარიშსწორებაც. სანაცვლოდ, მომხმარებელს ვთავაზობთ როგორც ბარათით, ასევე თიბისის QR-ით გადახდას.

როგორ უნდა ისარგებლოს მომხმარებელმა თქვენი მომსახურებით COVID-19-ის პირობებში?

მომხმარებელს შეუძლია სულ რამდენიმე წუთში, ჩვენი ვებ-გვერდიდან cityexpress.ge, ონლაინ დაგვიკვეთოს კარიდან კარამდე სერვისი და შემდეგ, ჩვენს ვებ-გვერდზევე აკონტროლოს საკუთარი გზავნილი. ჩვენი მომსახურება მოიცავს ჩაბარების სხვადასხვა დროს, რაც ნიშნავს, რომ თითოეულ გზავნილზე სერვისის სხვადასხვა ტიპის არჩევაა შესაძლებელი.

სტანდარტული შეკვეთით, შეგვიძლია 25 კგ-მდე წონის ნებისმიერი ნივთის მიწოდება თბილისის მასშტაბით.

რა სახით იცავთ უსაფრთხოების ნორმებს ნივთის მიწოდების დროს?

ჩვენ მოგვიწია ყველა არსებული პროცესის გადახედვა და შეცვლა, რათა გავმკლავებოდით COVID-19 ვირუსით შექმნილ ვითარებას. გარდა იმისა, რომ გავითვალისწინეთ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, ასევე მივიღეთ ჩვენი უსაფრთხოების ზომები. ფაქტობრივად, საველე პირობებში, შენობის ეზოში მოვაწყვეთ გზავნილების განაწილების საოპერაციო პუნქტი. მაღალი ვენტილაცია და გაშლილი სივრცე გვაძლევს საშუალებას თანამშრომლებისა და გზავნილების დეზინფექცია უფრო ეფექტურად ჩავატაროთ.

უსაფრთხოებას ვიცავთ გზავნილის აღებიდან — მის ადრესატთან ჩაბარებამდე ყოველ ეტაპზე. სისტემატურად ვამოწმებთ თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობას. თანამშრომლები გადაადგილდებიან კომპანიის ავტომობილებით, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ გარე ფაქტორებით ინფიცირების შესაძლებლობა. კურიერები აღჭურვილნი არიან პირბადით, ხელთათმანით, სადეზინფექციო ხსნარით, სათვალით, და სახის დამცავით. გარდა ამისა, როგორც გზავნილის აღებისას, ასევე მიწოდებისას, ჩვენი მხრიდან სრულდება უსაფრთხოების პროცედურა: კურიერები იცავენ დისტანციას, ჩაბარების დასტურად კი, ხელმოწერა ხდება ცალკე კალმით. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, დავამატეთ უკონტაქტო ჩაბარება, რაც გულისხმობს ნივთის განთავსებას ადრესატის მიერ მითითებულ ადგილზე და კურიერის სამუშაო პორტატული კომპიუტერით სურათის გადაღებას. სურათი ინახება სისტემაში გზავნილის ინფორმაციასთან ერთად.

რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთი კომპანიების გამართული მუშაობა პანდემიის დროს?

დღეს, საკურიერო მომსახურება არის მაკავშირებელი რგოლი ბიზნესსა და მომხმარებელს შორის. ზოგადად, ჩვენი სერვისი გათვლილია კომფორტზე, თუმცა არსებულმა ვითარებამ ცხადყო, რომ საკურიერო მომსახურება ცდება კომფორტის ზონას და იკავებს საჭიროების ადგილს. არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით, საკურიერო მომსახურება მხარს უჭერს კომპანიებს, რაც თავის მხრივ ათასობით ადამიანს უნარჩუნებს სამსახურს.

როგორც ყველა, ასევე გადაზიდვის სფეროში, ბიზნესის სწრაფ განვითარებას უზრუნველყოფს ჯანსაღი კონკურენცია. მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებობდეს ამ სერვისის მიმწოდებელი ბევრი კომპანია, რათა ამ სფეროში აქტიურად დაინერგოს ინოვაციები. ეს თავის მხრივ, მომხმარებლებსაც გაუმარტივებს ცხოვრებას.

COVID-19-ის პირობებში რაიმე გეგმა ხომ არ გაქვთ?

უახლოეს პერიოდში დავგეგმეთ ციფრული არხების გაზრდა, კერძოდ, მობილური აპლიკაციის შექმნა, საინტეგრაციო პლატფორმის შემუშავება და მომხმარებლის კითხვებზე ოპერატიული პასუხის უზრუნველსაყოფად, ჩატბოტის გამოყენება.

ჩვენს მომხმარებლებს მივმართავთ თხოვნით, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, სატელეფონო ზარის ნაცვლად ისარგებლონ ონლაინ გამოძახებით, ხოლო კონტრაქტორმა კომპანიებმა მომხმარებლის პორტალით. კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდნენ ჩათის ან ელ. ფოსტის მეშვეობით. ეს გვეხმარება უფრო ეფექტურად გავანაწილოთ შიდა რესურსი და შევძლოთ შექმნილ მდგომარეობასთან მარტივად ადაპტაცია.


ავტორი: ნინჩო ბალანჩივაძე