უშრეტი ენერგია.
ცნობისმოყვარეობა.
თანდაყოლილი სამართლიანობის შეგრძნება.
შემეცნების დაუცხრომელი სურვილი.
შეუპოვრობა.
თავგადასავლების და ცხოვრების გაუცნობიერებელი სიყვარული.
ეს ყველა თვისება ბავშვებშია და როგორ, სად ან რა განხრით გაუკეთებენ ამ თვისებებს რეალიზებას, უკვე მათთვის მიცემულ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. სადაც არსებობს შესაძლებლობა, იქ ბავშვები ხდებიან ექიმები, მასწავლებლები, გამომგონებლები, ბალერინები, მშენებლები და ხვალინდელი დღის ლიდერები. დღევანდელი ბავშვები მომავალში წარმატებულ ბიზნესებს უდგებიან სათავეში, დღევანდელი ბავშვები მომავალში სხვა ბავშვების ნიჭს ასხამენ ფრთებს და სწორ მიმართულებასაც აძლევენ. მრავალმხრივი პერსპექტივის მიცემა და მათი ემოციურად სწორად განვითარება კი, ჩვენი, ზრდასრულების მოვალეობაა.
ამ მხრივ ბიზნესებს, როგორც დიდი რესურსის მქონე ზრდასრული ადამიანების ერთობას, საშუალება აქვთ, საკუთარი წვლილი შეიტანონ ბავშვთა ზრუნვასა და განვითარებაში.
ბლოგში გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რომელიც ბიზნესმა ბავშვებისთვის შეიძლება განახორციელოს.
შეაყვარე თანამშრომლის შვილებს კომპანია
ხანდახან, ბავშვებს მშობლის სამსახურის მიმართ პროტესტი უჩნდებათ. ისინი
კომპანიას აღიქვამენ ადგილად, რომელსაც თავიანთი დედა ან მამა უნდა უწილადონ. ბიზნესს აქვს რესურსი იმისთვის, რომ
ბავშვებს თავიდან აარიდოს ეს სტრესი.
მოაწყვეთ ბავშვების დღე, მოიპატიჟეთ თანამშრომლების ბავშვები სამსახურში, დაე ნახონ რას აკეთებენ მათი მშობლები, ნახონ ვისთან ერთად ატარებენ დღეს, თვითონ გახდნენ ამ ადგილის ნაწილი, დაუმეგობრდნენ თქვენს კოლეგებსა და მათ შვილებს. დაგეგმეთ ბავშვების დღე ოფისს გარეთაც, მიახვედრეთ მათ, რომ დედის ან მამის სამსახურში ისეთივე მხიარული და ჩვეულებრივი ადამიანები მუშაობენ, როგორიც მათ ოჯახსა და სამეგობრო წრეში არიან. ასეთი შეკრებების შემდეგ, მათი დამოკიდებულება კომპანიის მიმართ აუცილებლად შეიცვლება.
დაგეგმე სახალისო, შემეცნებითი სატრენინგო კურსები ბავშვებისთვის
ბავშვები ბიზნესის მომავალი წარმომადგენლები არიან, რატომაც არა, თუ მათ მცირე ასაკიდანვე ეცოდინებათ ბიზნესსაქმიანობის
ბაზისური პრინციპები. ამით კომპანია პოპულარიზაციას გაუწევს ბავშვებში მეწარმეობას და მათ საკუთარი საქმის შექმნის იდეას
ჩაუნერგავს. ბიზნესთან დაკავშირებული სხვადასხვა სატრენინგო კურსით ბავშვები აიმაღლებენ სამეწარმეო და ფინანსურ
წიგნიერებას, დაძლევენ სიახლის შექმნის შიშს და ადრეული ასაკიდანვე მოემზადებიან მომავალი კარიერის ასარჩევად. მსგავსი
აქტივობებით ბიზნესი ხელს შეუწყობს მომავალი თაობის პროფესიულ განვითარებას და მათ ზრდასრული ცხოვრებისთვის სახალისო
გზებით მოამზადებს.
მოარგე პროდუქტი/მომსახურება ბავშვებს
ტანსაცმლის ბრენდს ყოველთვის შეუძლია საბავშვო ხაზის დამზადება, ივენთ კომპანიას ბავშვთა ღონისძიებების დაგეგმვა,
გამაგრილებელი სასმელების მწარმოებლებს კი, კომფორტული ბოთლისა ან ვიტამინებით მდიდარი საბავშვო კოქტეილის გამოშვება. თუ
ბიზნესის პროდუქტი ან მომსახურება მხოლოდ ზრდასრული ადამიანებისთვის არის განკუთვნილი, დაფიქრდი, როგორ შეიძლება
პროდუქტი/მომსახურება ისე გარდაქმნა, რომ ბავშვებს საინტერესო, სახალისო და სასარგებლო გამოცდილება შეუქმნა. თითქმის
ყველა ბიზნესში მოიძებნება კრეატიული გადაწყვეტა, მთავარია მოერგო ბავშვების საჭიროებებს, მათ კიდევ უფრო გაუმარტივო
ცხოვრება და მისცე დამოუკიდებლობის საშუალება.
ბავშვებთან დაკავშირებული ინიციატივების დაგეგმვისას მოისმინე მათი აზრი
ხანდახან უფროსებს ისე მოგვწონს და იმდენად
უპირობოდ სწორად მიგვაჩნია ის, რასაც ვაკეთებთ, სულ გვავიწყდება, რომ შეგვიძლია იდეა თავად სამიზნე აუდიტორიას
შევაფასებინოთ. თუ პროდუქტს ან მომსახურებას პატარა მომხმარებლების ჭრილში განიხილავ, ჰკითხე მათ, რამდენად მოსწონთ
იდეა, მოისმინე მათი აზრი.
სტარტაპი ბავშვებისთვის
თუ ბიზნესსაქმიანობას ახლა იწყებ და ჯერ კიდევ ფიქრის პროცესში ხარ, პატარების საჭიროებებიც გაითვალისწინე. სულ
რამდენიმე წლის წინ, სულ ცოტა კომპანია არსებობდა ისეთი, რომელიც უშუალოდ ბავშვებზე იყო ორიენტირებული. პატარებზე
მორგებული კომპანიები აქ, ახლა იკიდებს ფეხს. იქნებ შენ და შენს გუნდს შეუძლია ისეთი ინოვაციური და საინტერესო საქმის
წამოწყება, რომელიც უშუალოდ ბავშვებს დაუკავშირდება. გაიგე მათი სურვილები, გადაავლე თვალი მეგობრებისა და ახლობლების
შვილებს, რას ისურვებდი მათთვის და ანალიზის შემდეგ, შეიძლება საკმაოდ საინტერესო სტარტაპიდეაც გაგიჩნდეს.
რაც კარგია ბავშვისთვის, კარგია ბიზნესისთვის
თუ მსგავს მიდგომებს საკუთარ კომპანიას მოარგებ და პატარა ადამიანებზე შეძლებისდაგვარად იზრუნებ, ამით ავტომატურად
იზრუნებ მომავალი თაობის სწორად განვითარებასა და მათ რეალიზებაზე, ეს კი, თავისთავად წარმოქმნის ემოციურად მყარ,
განათლებულ საზოგადოებას და ბიზნესისთვის ჯანსაღ გარემოს.
იმისთვის, რომ კომპანიები “ბავშვების მეგობრები” იყვნენ, არ არის საჭირო უზარმაზარი ბიუჯეტი და მსხვილი ორგანიზაციის ფლობა, საჭიროა ღირებულებების გადაფასება, ამ საქმეში ჩართვის სურვილი და დაფიქრება, რა შეუძლია გაუკეთოს კომპანიამ ბავშვებს.
უშრეტი ენერგია.
ცნობისმოყვარეობა.
თანდაყოლილი სამართლიანობის შეგრძნება.
შემეცნების დაუცხრომელი სურვილი.
შეუპოვრობა.
თავგადასავლების და ცხოვრების გაუცნობიერებელი სიყვარული.
შენ ხარ ის გუშინდელი ბავშვი, რომელიც დღეს ამ თვისებებს მისცემს გასაქანს, შენ ხარ ის გუშინდელი ბავშვი, რომელსაც აქ, ახლა საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლია ბავშვთა მომავლის შენებაში.