გახსოვს დრო, როდესაც შენს ცხოვრებაში საკუთარი შრომით მოპოვებული შემოსავალი გაჩნდა? რა მოგიტანა მან? შესაძლებლობა შეგესრულებინა ჩანაფიქრები, გაგეხარებინა საყვარელი ადამიანები, გეყიდა სამოსი, ან გემოგზაურა საკუთარი სახსრებით, მაგრამ პირველ რიგში? რა მოგიტანა შემოსავალმა უპირველეს ყოვლისა? დამოუკიდებლობა. შენ შეძელი შეგენახა საკუთარი თავი და არ ყოფილიყავი სხვაზე დამოკიდებული. დამოუკიდებლობა იწყება მაშინ, როდესაც ძირითად ადამიანურ მოთხოვნილებებს შენითვე იკმაყოფილებ და შეგიძლია შეიძინო ყველაფერი, რაც არსებობისთვის გჭირდება, მაგალითად — საკვები.
ახლა, ცოტა ხნით შეეშვი საკუთარ თავს და ეს მოცემულობა შენს ქვეყანას მოარგე. როდის არის ქვეყანა დამოუკიდებელი, როდის არის ძლიერი და მზად, თავი გაართვას გამოწვევებს? მაშინ, როდესაც საკუთარი თავის შენახვა შეუძლია, მაშინ როდესაც ის თვითმყოფადია. შეიძლება გაიფიქრო, “ჩვენთან ხომ უამრავი ოჯახი აწარმოებს საკვებ პროდუქციას, შესაბამისად ისინი ავითარებენ სოფლის მეურნეობას”, თუმცა, საქართველო თვითმყოფადობას მხოლოდ მცირე საოჯახო მეურნეობების განვითარებით ვერ მიაღწევს. ნოყიერი ნიადაგი, წყალი და კლიმატი მაშინ გამოიღებს საზოგადო სიკეთეს, თუ ამ ნიჭს სწორად გამოვიყენებთ. ჩვენ გვაქვს ყველა საჭირო ბუნებრივი რესურსი და პირობა, რომ ნაცვლად იმპორტისა, საკვები პროდუქტები ადგილობრივად ვაწარმოოთ, ანუ განვავითაროთ ინდუსტრიული წარმოება. დღეს, ამის გააზრება ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.
ამ დიდი მიზნისკენ სწრაფვაში წვლილი, ჩვენს პარტნიორს, რძის წარმოების ერთ-ერთ უმსხვილეს ქართულ კომპანიას — “ყვარლის ბაგასაც” შეაქვს, რომელიც კახეთის რეგიონში მდეობარეობს და 2013 წლიდან, მან ფერმაში რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 132-დან 2000 სულამდე გაზარდა.
“ყვარლის ბაგას” ფერმაში მიღებულ რძეს მაღალმწარმოებლური, ჰოლშტინის ჯიშის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი იწველება. ფერმა სრულად აგებულია ებრაული ფერმის მოდელის მიხედვით, რომელიც ტრადიციულ ევროპულ მოდელთან შედარებით, მთელ რიგ უპირატესობებს ფლობს. უპირატესობა გამოიხატება, როგორც პირუტყვის კომფორტსა და ჯანმრთელობაში, ასევე მის პროდუქტიულობაშიც.
ფერმის დღიური წველადობა, საშუალოდ 23-25 ტონა რძეს შეადგენს, რომლითაც მარაგდება ადგილობრივი ბაზრის რძის პროდუქტების მწარმოებელი მსხვილი კომპანიები. რძის ხარისხი კონტროლდება ყოველდღიურად, ფერმაში არსებული თანამედროვე ლაბორატორიული აღჭურვილობის საშუალებით. გარდა ამისა, საბოლოო ხარისხი მოწმდება თავად გადამამუშავებელ კომპანიებშიც, შესაბამისად, თამამად შეიძლება ითქვას,რომ “ყვარლის ბაგა” ქვეყანაში მაღალი ხარისხის, საღ რძეს აწარმოებს.
დღეს, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობა ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და სიძლიერისთვის ერთ-ერთ მთავარ რგოლს წარმოადგენს. რა როლი უკავიათ სოფლის მეურნეობის სექტორში მოთამაშე ბიზნესებს და რატომ არის ასეთ ვითარებაში, მათი შეუფერხებელი მუშაობა ქვეყნისთვის აუცილებელი, ამის თაობაზე “ყვარლის ბაგას” დირექტორს, ნათია გარგულიას გავესაუბრეთ.
როგორ შეეხო COVID-19-ით გამოწვეული პროცესები სოფლის მეურნეობას საქართველოში?
არსებულმა ვითარებამ დიდი ზიანი მიაყენა მსოფლიო ეკონომიკას, რაც თავისთავად აისახა სოფლის მეურნეობის სფეროზეც.
საქართველოში პრობლემის განსაკუთრებული სიმძაფრე გამოიწვია მისმა იმპორტზე დამოკიდებულებამ, კერძოდ, შეიზღუდა სტაბილური
მომარაგების შესაძლებლობა, რაც აუცილებელია ყოველდღიური საქმიანობის უზრუნველსაყოფად. განსაკუთრებით ამ სეზონზე, როცა
საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია: შესაძენია სათესლე მასალა, სასუქები და ქიმიკატები. შეკვეთების დიდი ნაწილი,
სწორედ იმ ქვეყნებიდან მოდის, სადაც ახლა მკაცრი კარანტინია გამოცხადებული. გაძვირდა იმპორტირებული საქონელიც. უშუალოდ
“ყვარლის ბაგას” რომ შევეხოთ, კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სტაბილური საკვები მარაგის ქონა პირუტყვისთვის.
საკვები პირდაპირპროპორციულად აისახება როგორც ყოველდღიურ წველაზე, ისე ცხოველების ჯანმრთელობაზე. თუნდაც რამდენიმე
დღიანი წყვეტა მომარაგებაში, შესაძლოა დიდი ზარალის მომტანი აღმოჩნდეს. მიუხედავად იმისა, რომ ტვირთების შემოტანაზე
შეზღუდვები არ დაწესებულა, საზღვარზე საქონლის გადმოტანა საკმაოდ დიდ დროსთან და დამატებით ხარჯებთან არის
დაკავშირებული. გარდა ამისა, პრობლემაა მუშა ხელის მოძიება, რაც საკმაოდ ანელებს შეკვეთების დროულ მომზადებასა და
გამოგზავნას. გართულებულია ლოჯისტიკაც, თუმცა კომპანია ყველანაირად ცდილობს, რომ არ შეაჩეროს მუშაობა და ბაზარს მიაწოდოს
ჯანსაღი საკვები.
რატომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამ სექტორის გამართული მუშაობა პანდემიის დროს?
ბუნებრივია, რომ სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სფეროების მსგავსად, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოება პანდემიის
დროს ქვეყნისთვის პრიორიტეტულია. მოსახლეობის პირველადი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, სოფლის მეურნეობით დაკავებული
კომპანიების საქმიანობის შეწყვეტა ან მათი დისტანციურ მუშაობის რეჟიმზე გადასვლა შეუძლებელია. მიზეზი ნათელია, საკვები
ღირებულების გარდა - რძე არის ერთ-ერთი მთავარი კვებით რაციონში, რძის სასარგებლო თვისებები საყოველთაოდ ცნობილია.
შექმნილ ვითარებაში, იმუნიტეტის გასაძლიერებლად, საჭიროა მოსახლეობას ჰქონდეს საშუალება მიიღოს მაღალი ხარისხის საღი რძე
და რძის პროდუქტები.
როგორ მუშაობს ყვარლის ბაგა ახლა?
მიმდინარე მოვლენებმა მკვეთრად შეცვალა კომპანიის მუშაობის სტილი და სამუშაო შესაძლებლობები. მაქსიმალურად გავამკაცრეთ
სადეზინფექციო ღონისძიებები, მათი შესრულება და კონტროლი. აქვე უნდა ითქვას, რომ აღნიშნული აქამდეც სრულდებოდა, თუმცა
ახლა, გაორმაგებული ძალებით ხდება ფერმაში ყოველი შემომსვლელი მანქანის დეზინფიცირება სპეციალურად მოწყობილ
სადეზინფექციო ჭიშკარში. თითოეულ შესასვლელში განთავსებულია სადეზინფექციო ხალიჩები, ხელის სადეზინფექციო ხსნარები,
თანამშრომლები უზრუნველყოფილნი არიან ერთჯერადი ხალათებით, ბახილებით, ხელთათმანებითა და პირბადეებით.
მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, რაიმეს ხომ არ გეგმავთ?
ყველასთვის რთულ პერიოდში, ჩვენი კომპანიის მიზანია შეინარჩუნოს არსებული დონე და გააგრძელოს გაფართოება.
სასოფლო-სამეურნეო კომპანიების სახელით, გვსურს მივმართოთ ინიციატივით სახელმწიფოს, გამოჰყონ გარკვეული დოტაციები, რათა
არ მოხდეს მოსახლეობისთვის საბოლოო პროდუქტის გაძვირება. ასევე, დააფინანსონ ისეთი პროდუქტების შექმნა, რომელიც ხელს
შეუწყობს იმპორტის ჩანაცვლებას ადგილობრივი წარმოებით. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკისა და ეროვნული ვალუტის
გამყარების საწინდარია.
რას ურჩევდით იმ ბიზნესებს, რომლებიც სოფლის მეურნეობის სექტორში არიან?
დღეს, მოსახლეობას ყველაზე მეტად სჭირდება, როგორც სურსათის პროდუქტები, ასევე სამუშაო ადგილების შენარჩუნება. ამიტომ,
სოფლის მეურნეობის სექტორში არსებულმა ბიზნესმა, მთავრობის დახმარებით, მაქსიმალურად უნდა გამოიჩინოს გონიერება და
სიმშვიდე, შეიმუშავოს სტრატეგიული ხედვა და უფრო მეტი ძალილსხმევით გააგრძელოს მუშაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი
პროდუქტების შესაქმნელად. ასევე, ბიზნესის თითოეული წარმომადგენელი უნდა აცნობიერებდეს იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომლის
წინაშეც დღეს ვართ, ვგულისხმობ, ვირუსის გავრცელების საფრთხეს. შესაბამისად, კომპანიებმა უნდა იხმარონ ყველა ღონე
იმისთვის, რომ მინიმუმამდე დაიყვანონ რისკი და განაგრძონ ფუნქციონირება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული
დაცვით. დღეს, გამოსავლის საპოვნელად აუცილებელია გაერთიანება და ერთიანი სტრატეგიით მუშაობა.