აქ პანდემიამ გარკვეულწილად ყველა სფერო დააზარალა, თუმცა სასტუმრო ინდუსტრია დარტყმის ეპიცენტრში აღმოჩნდა. ახლა, როდესაც გარკვეული შეზღუდვები იხსნება, საინტერესოა როგორი იქნება ინდუსტრიის მეორე ამოსუნთქვა, როგორ მიიღებენ ქართველი მასპინძლები სტუმრებს და რა გამოწვევების წინაშე დადგებიან ისინი.
ჩვენ გავესაუბრეთ “ლოპოტა სპა რეზორტის” კომერციულ დირექტორს — მაკა ღლიღვაშვილს და გამოვკითხეთ სასტუმროს გამოწვევები და პოსტპანდემიური გეგმები.
მაკა, რა საფრთხის და გამოწვევების წინაშე დააყენა COVID-19-მა “ლოპოტა სპა რეზორტი”?
პანდემიამ სასტუმრო ინდუსტრია გააჩერა, თითქოს გამყინვარების პერიოდი დაიწყო. ჯავშნების დინამიკა უკვე თებერვლიდან
შეიცვალა და მარტის შუა რიცხვებისთვის ჩვენი რეზორტი, ისევე, როგორც თითქმის ყველა სასტუმრო საქართველოში სტუმრებისთვის
დაიხურა. ცხადია, შემოსავლის გარეშე დარჩენილი კომპანიის მენეჯმენტს ბევრი რამის გადაფასება და შეცვლა მოუწია.
“ჩვენ ავიღეთ ვალდებულება გუნდის თითოეული წევრის წინაშე, რომ მათი 2 თვის ხელფასს არაფერი შეეხებოდა. აქვე აღსანიშნავია, რომ ჩვენი სასტუმრო რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია და დაახლოებით 350 დასაქმებულიდან უდიდესი წილი, სწორედ ადგილობრივი მაცხოვრებელია”.
როგორ დახვდება „ლოპოტა სპა რეზორტი“ სტუმრებს პანდემიის შემდეგ?
“ლოპოტა სპა რეზორტი” სტუმრებისთვის კარს 5 ივნისს გააღებს. პირველ ეტაპზე გაიხსნება მხოლოდ ღია სივრცეები — კვების
ობიექტები, აუზები, მოსასვენებელი ზონები. 15 ივნისიდან კი, სასტუმრო სრულად დაიწყებს ფუნქციონირებას შიდა
ტურისტებისთვის. 1 ივლისიდან მზად ვართ, მივიღოთ საერთაშორისო ტურისტებიც, იმ ე.წ. მწვანე კორიდორების გახსნის
შესაბამისად, რასაც სახელმწიფო გეგმავს.
არსებული რეალობის გათვალისწინებით, სასტუმროს მენეჯმენტმა სტუმრებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დასაცავად არაერთი სტანდარტი შეიმუშავა.
მიღებული რეგულაციებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ სტუმრების კონცენტრაცია ერთ დროს და ერთ ადგილას თავიდან აგვერიდებინა, სასტუმროში ბუფეტური მომსახურება ჩანაცვლდა ინდივიდუალური მომსახურებით. ღია აუზზე ისევე, როგორც რესტორნებში, დაცული იქნება ფიზიკური დისტანცირების დადგენილი ნორმები მაგიდებსა და შეზლონგებს შორის. დანომრილი შეზლონგი სტუმრის ტერიტორიაზე დარჩენის სრული პერიოდის განმავლობაში გადავა მის საკუთრებაში. გარდა ამისა, ახალი სტანდარტებით განვახორციელებთ სტუმრების უკონტაქტო რეგისტრაციასა და დავნერგავთ გადახდების უკონტაქტო სისტემებს.
რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ტურისტების მოზიდვა შეზღუდვების მოხსნის შემდეგ სასტუმრო
ინდუსტრიისთვის?
სასტუმროების ბიზნესი საერთაშორისო მოგზაურზე დგას. შიდა ტურიზმით შესაძლებელია რეგიონული სასტუმროების გარკვეული
ნაწილის დატვირთვა, მაგრამ საქართველო, როგორც ბაზარი, ძალიან პატარაა არსებულ სასტუმროთა ნომრების სრულად ასათვისებლად.
ამ ეტაპზე საერთაშორისო ტურისტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თბილისის სასტუმროებისთვის, რომელთა მომსახურებაც შიდა
ბაზარზე ვერ გაიყიდება, თუ ერთეულ შემთხვევებს არ ჩავთვლით.
სასტუმროების რაოდენობა საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება, შესაბამისად, ჩვენ არა მხოლოდ ის საერთაშორისო კორიდორები უნდა აღვადგინოთ, რომლებიც აქამდე არსებობდა, არამედ კიდევ უფრო მეტი ახალი ბაზარი გავხსნათ, კიდევ უფრო მეტი ქვეყნის მოგზაურისთვის გავხდეთ მიმზიდველი.
“ლოპოტა სპა რეზორტის” სტუმრების 50% ყოველთვის ქართველები იყვნენ. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ტერიტორია საკმაოდ დიდია და საქმიან ტურიზმზე მორგებული, ჩვენი მიზნობრივი სეგმენტი მრავალფეროვანია, გვყავს როგორც ინდივიდუალური, ისე კორპორატიული სტუმრები.
როგორ ფიქრობთ, მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, რა არის სასტუმროების პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე?
პირველ რიგში, უნდა დაველოდოთ მწვანე კორიდორების გახსნის დაანონსებას, შევხედოთ რომელი ბაზრები გაიხსნება. შემდეგ უკვე
ფაქტია, რომ ამ ეტაპზე მარკეტინგული აქტივობები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე აქამდე იყო. შექმნილი სიტუაცია,
ჩვენი მხრიდან, უფრო მეტ მობილიზებასა და ინვესტირებას მოითხოვს. მოთხოვნა უნდა გავზარდოთ, მოგზაურობას სტიმულურება უნდა
გავუკეთოთ. აქამდე თუ სასტუმროს როლი იყო პოტენციური მოგზაურისთვის საუკეთესო შეთავაზების გაკეთება, ახლა შეთავაზებამ
ადამიანებს საერთოდ მოგზაურობის გადაწყვეტილება უნდა მიაღებინოს.
რა გზებით გეგმავთ საერთაშორისო ტურისტების მოზიდვას?
ჩვენ აქამდეც ძალიან ვაქტიურობდით მთავარ ბაზრებზე სხვადასხვა მიზნობრივი ციფრული კამპანიებით და არა მხოლოდ. ახალ
ბაზრებზე, გარდა ციფრულისა, ვიყენებდით PR აქტივობებს იმ კონკრეტული ბაზრის PR სააგენტოების დახმარებით. ჩვენთვის
ქვეყნისა და რეგიონის პოპულარიზაცია ყოველთვის პრიორიტეტული იყო - ლოპოტას არ განვიხილავთ ცალკეულ რეზორტად, არამედ
კახეთის რეგიონის და მისი უპირატესობების ჭრილში. მოგზაური უნდა დააინტერესო არა მხოლოდ შენი პროდუქტით, არამედ იმით, თუ
რა ხდება შენ გარშემო. კახეთი კი ნამდვილად უნიკალური რეგიონია, როგორც ღვინის წარმოების მეთოდების, ასევე გასტრო, ეკო
და აგრო მიმართულებით. ეკო და აგრო მიმართულებები სულ უფრო ტრენდული ხდება და პანდემიის შემდეგ, ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტ
ღირებულებას შეიძენს ფართო აუდიტორიისთვის.
"ლოპოტა სპა რეზორტი" მწვანე ზონაა, რადგან კახეთის რეგიონის ამ ნაწილში ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და ეს ტურიზმის სტიმულირებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
რა სიახლეებს უმზადებთ სტუმრებს პანდემიის მიღმა?
“ლოპოტა სპა რეზორტი” განვითარების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს გადის, რომლის ფარგლებშიც განხორციელებული ახალი
პროექტებით ჩვენი რეზორტი გულგრილს არცერთ სეგმენტს დატოვებს. სასტუმრო ნომრების რაოდენობა 2021 წლისთვის 400-მდე
გაიზრდება. გარდა ამისა, გეგმაში გვაქვს ჩოგბურთის პროფესიონალური კორტების, კალათბურთის მოედნის, აზიური რესტორნის
აუზით, რომელიც იდეალური იქნება კერძო ღონისძიებებისთვის, ლუდსახარშის, ბოულინგ ცენტრითა და საბილიარდოთი, აკვაპარკის
მშენებლობა და სათავგადასავლო მიმართულების კიდევ უფრო წინ წამოწევა. სპორტული მოედნები იქნება როგორც ღია, ასევე
დახურული, რაც ხელს შეუწყობს არასეზონური ბიზნესის განვითარებას.
რას ურჩევდით იმ ადამიანებს, რომლებიც ზაფხულში მოგზაურობას თავს მხოლოდ სიფრთხილის გამო არიდებენ?
ვფიქრობ, ჩვენს დროში ადამიანებისთვის პირადი თავისუფლება იმდენად ღირებულია, ეს ყველაფერი თავისთავად მოხდება. რა თქმა
უნდა, ეტაპობრივად და ნელ-ნელა, მაგრამ შიშის მომენტს ყველა დავძლევთ. აღარ ვართ მე-20 საუკუნის დასაწყისში და
წარმოუდგენელია, გაავლო პარალელი ესპანური გრიპის (ე.წ. ისპანკა) ისტორიული განვითარების ფაზების შესაბამისად. მაშინდელი
მოგზაური დღევანდელისგან ძალიან განსხვავდება. ამიტომ ვარაუდი, რომ წლები დასჭირდება ჩვენი ინდუსტრიის რეაბილიტაციას,
ძალიან პესიმისტური მგონია. თუმცა კი, რა თქმა უნდა, სიფრთხილე აუცილებელია და ამისთვის მთელი ინდუსტრია, დარწმუნებული
ვარ, არაფერს დაიზარებს.
ძნელია, ადამიანს მოუწოდო, თუმცა შემიძლია დავარწმუნო, რომ ამ გარდამავალ პერიოდში ჩვენი სასტუმრო აბსოლუტური სიფრთხილით მიუდგება ყველა იმ რეგულაციასა და რეკომენდაციას, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო თუ ადგილობრივი სტრუქტურები გასცემენ და რომლებზეც ზემოთ უკვე ვისაუბრე. ჩვენი უპირატესობა არის გაშლილი ტერიტორია, სივრცე, სადაც შეგიძლია იყო იზოლირებულად და თან ამით დისკომფორტი არ განიცადო. დამატებით, როგორც უკვე აღვნიშნე, ძალიან იღბლიანები ვართ, რომ კახეთი მწვანე ზონაა, სადაც ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ჩვენ ყველანაირად მზად ვართ, რომ ჩვენს მოქალაქეებს დაუვიწყარი და რაც მთავარია, უსაფრთხო დასვენება მოვუწყოთ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს რეალობა დროებითია და მალე ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დავუბრუნდებით, სადაც მთავარი ისევ ადამიანური ურთიერთობები და ემოციები იქნება. სტუმრის გამოცდილება მხოლოდ ის ოთახი არ არის, სადაც რჩება, ან კერძები თუ სასმელი, რომლებსაც მიირთმევს, მთავარი ის გამოცდილებაა, რომელსაც მას მასპინძელი უქმნის.