ბლოგი

MZE

საპონი ქართული არომატებით
აპრილი 2020

გეცნობა სიამაყის ის შეგრძნება, როდესაც ქართულ პროდუქტს იყიდი, რომელიც მოლოდინს გაგიმართლებს და შენაძენით კმაყოფილი დარჩები? ახლა, ეს შეგრძნება კიდევ უფრო მძაფრია, რადგან რაღაც მხრივ, დღეს ქართული ბიზნესების თანადგომა ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა. თუმცა, ჟამიანობის დროს, საჭიროა დავრწმუნდეთ, რომ ყოველდღიური მოხმარების პროდუქტები, რომლებსაც შევიძენთ, ნამდვილად ხარისხიანია.

დღეს, MZE ის ქართული ბიზნესია, რომელიც უფრო მეტი დატვირთვით აგრძელებს მუშაობას, რადგან კომპანია თხევადი საპნის მწარმოებელია. ჩვენ MZE-ს მარკეტინგის დირექტორს, მაშკა ჯორჯაძეს გავესაუბრეთ და გამოვკითხეთ ყველაფერი, რაც ქართული საპნის შესახებ უნდა ვიცოდეთ.

მაშკა, რა პროდუქციას აერთიანებს MZE?

ამ ეტაპისთვის, MZE ოთხი სახეობის თხევად საპონს აწარმოებს, რომელთა შემადგენლობაში ვიყენებთ საქართველოსთვის ავთენტურ ისეთ ნატურალურ არომატებს, როგორიცაა საფერავი, ტარხუნა და ლიმონი.

აგრეთვე, ამ თვეში, ბაზრის საჭიროებებიდან გამომდინარე, შევქმენით ახალი პროდუქტი — თხევადი საპონი ანტიბაქტერიული მოქმედების ნატურალური ინგრედიენტით.

რა უპირატესობა აქვს MZE-ს სხვა, უცხოური წარმოების საპნებთან შედარებით?

ჩვენი საპნის შემადგენლობაში მხოლოდ ნატურალური არომატიზატორებია, რომლებიც გამოიყენება კვების პროდუქტებსა და სასმელებშიც კი, ბაზარზე ასეთი ანალოგის მოძებნა საკმაოდ რთულია. ამასთან ერთად, მინდა აღვნიშნო, რომ არცერთი ინგრედიენტი არ არის ცხოველური წარმოშობის და პროდუქტი არ არის ცხოველებზე ტესტირებული.

მთავარ უპირატესობად დავასახელებ იმას, რომ ბაზარს ვთავაზობთ პრემიალური ხარისხის პროდუქტს ეკონომ ფასად. ჩვენ ვიყენებთ კანის დამარბილებელი და დამატენიანებელი კომპონენტის გაცილებით დიდ კონცენტრაციას ვიდრე ნებისმიერი სხვა ბრენდი, რომელიც იგივე საფასო სეგმენტში ოპერირებს.

ჩვენი ბევრი მომხმარებელი MZE-ს არამხოლოდ ხელის, არამედ ტანისა და სახის დასაბანადაც იყენებს.

როგორ უნდა გაარჩიოს მომხმარებელმა, ხარისხიანია თუ არა ჰიგიენური საშუალება?

სამწუხაროდ, საპნის შემთხვევაში, ფაქტობრივად შეუძლებელია პროდუქციის ხარისხის დადგენა, მანამ, სანამ მომხმარებელი თავად არ გამოსცდის მას. აი მაგალითად, შამპუნის შემთხვევაში, უმჯობესია არჩევანი გავაჩეროთ პროდუქტებზე, რომლებიც არ შეიცავს პარაბინებსა და სულფატებს, რადგან, კვლევების თანახმად, ისინი ტოქსიკურია, შესაძლოა გამოიწვიოს თმის ცვენა და გაანადგუროს თმის ფოლიკულები. ეს ინგრედიენტები აღნიშნულია პროდუქტის შემადგენლობაში და მომხმარებელს მარტივად შეუძლია დადგენა, შეიცავს თუ არა ის მითითებულ მავნე ნივთიერებებს.

თავდაპირველად, ჩვენი მიზანი 100%-ით ნატურალური ქართული კოსმეტიკის წარმოება იყო, თუმცა ორგანული პროდუქტის წარმოებას დანადგარების მხრივ მეტი ფინანსური რესურსი სჭირდებოდა, ამიტომ დავიწყეთ ისეთი პროდუქტით, რომლის ხარისხშიც დარწმუნებულები ვიქნებოდით და თავის მოვლის სხვა საშუალებების წარმოება უახლოესი მომავლისთვის გადავდეთ.

საპონი VS სადეზინფექციო საშუალება — რომელი უფრო ეფექტურია COVID-19-თან საბრძოლველად?

ვირუსთან ბრძოლაში ორივე საშუალება თანაბრად ეფექტურია. თუ გვაქვს წვდომა წყალთან უმჯობესია გამოვიყენოთ საპონი, ხოლო სადეზინფექციო გელი განკუთვნილია იმ შემთხვევებისთვის, როდესაც საპნის გამოყენების შესაძლებლობა არ გვაქვს.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს თხევადი საპნის უპირატესობა მყარ საპონთან შედარებით, ის უფრო ჰიგიენურია და 100%-ით გამორიცხავს ბაქტერიების გადატანას. კორონავირუსი დაფარულია ცხიმის დამცავი გარსით, რომელიც საპნის საშუალებით იშლება, ვირუსი სუსტდება, კარგავს მოქმედების უნარს და შორდება კანის ზედაპირს. ამ დროს ინფიცირების შანსი მინიმუმამდე დადის. აგრეთვე, კორონავირუსის ცხიმის მემბრანას ეფექტურად ებრძვის ხელის სადეზინფექციო საშუალებები, რომლებიც შეიცავს მინიმუმ 60% ეთილის სპირტს.

საპონს არჩევთ თუ სადეზინფექციო გელს, მთავარია სწორად მოიხმაროთ ეს პროდუქტები, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ. როგორც ალბათ უკვე მრავალჯერ გსმენიათ, ხელები საპნით უნდა დავიმუშავოთ მინიმუმ 20 წამის განმავლობაში (მათ შორის თითებს შორის და ფრჩხილებთან) და მხოლოდ შემდეგ ჩამოვიბანოთ, სადეზინფექციო გელის მოხმარებისას - მთლიანად დაფარეთ ხელის ზედაპირი გელით და დაიმუშავეთ 30 წამის განმავლობაში, სანამ სითხე ბოლომდე არ შეშრება კანზე.

სად შეუძლიათ მომხმარებლებს თქვენი პროდუქციის შეძენა?

ჩვენი პროდუქცია ხელმისაწვდომია ფაქტობრივად ყველა სავაჭრო ქსელში: კარფურში, აგროჰაბში, ნიკორაში, ორი ნაბიჯში, ევროპროდუქტსა და უნივერსამში.

რაიმე სიახლეს ხომ არ გეგმავთ უახლოეს პერიოდში?

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიახლე, რომელსაც ქართულ ბაზარს აპრილის ბოლოს შევთავაზებთ არის ხელის ანტისეპტიკური სადეზინფექციო გელი. ამ პროდუქტის რეცეპტურაზე ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა ვმუშაობთ, რათა შემადგენლობაში გვქონდეს მაღალი ხარისხის სერტიფიცირებული ინგრედიენტები და სრულ შესაბამისობაში ვიყოთ უსაფრთხოების სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან.

მას შემდეგ, რაც ბაზარზე ჩავუშვებთ სადეზინფექციო გელს, ვიწყებთ მუშაობას ნატურალური ინგრედიენტებით და ეთერზეთებით გაჯერებული შამპუნისა და შხაპგელის წარმოებაზე. ცოტა უფრო შორეულ გეგმებში განვიხილავთ ჩვენი საწყისი ბიზნეს იდეის განხორციელებას - ორგანული კრემებისა და თავის მოვლის საშუალებების წარმოებას.


ავტორი: ნინჩო ბალანჩივაძე