ბლოგი

ლიზინგი სარესტორნო ბიზნესისთვის — აქ,ახლა

სექტემბერი 2020

ხანდახან ზოგიერთი საქმიანობა ერთი შეხედვით მარტივი გვეჩვენება და მათ ხელი სწორედ ამ თვისების გამო შეიძლება მოვკიდოთ. მაგრამ უშუალო შეხებისთანავე, როდესაც საკითხს უფრო ვუღრმავდებით, ვხვდებით, რომ საქმე საკმაოდ კომპლექსურ და რთულ ამოცანასთან გვაქვს.

ასეთი რამ ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება დაგვემართოს. მაგალითად, სკოლის ასაკში — ამოცანაზე, რომლის პირობა თითქოს მარტივი გვეჩვენება, შემდეგ კი, საათობით ვიმტვრევთ თავს მის ამოხსნაზე, პროფესიის არჩევაზე, სადაც მარტივ და სარფიან გამოსავალს ვეძებთ და მხოლოდ შემდეგ ვხედავთ დამალულ სირთულეებს. ასეა ბიზნესსაქმიანობის არჩევის დროსაც, რომლის აწყობა კუბების ერთმანეთზე დალაგების მსგავსი გვგონია და მხოლოდ პროცესში ვხვდებით, რამდენად იოლად ჩამოშლა სჩვევიათ დაუფიქრებლად აწყობილ ფიგურებს.

სწორედ აქ არის სარესტორნო ბიზნესის ადგილიც, ოღონდ რა თქმა უნდა მაშინ, როდესაც ის წამოწყებამდე სიღრმისეულად გააზრებული არ გვაქვს. საფიქრალი ბევრია: რა ფორმატს შევარჩევთ: საოჯახო სამზარეულოს, ბარს, რესტორანს თუ სწრაფი კვების ობიექტს, რომელ საფასო სეგმენტში შესვლას ვამჯობინებთ, როგორ მენიუს შევადგენთ, რამდენ სტუმარზე გავთვლით ობიექტს, რა ტერიტორიას შევარჩევთ, ან საერთოდ საიჯარე ფართს როგორ მოვიძიებთ...

ჰო, სარესტორნო ბიზნესში ჩართვა მართლაც დიდი გამოწვევაა და ჩვენ, როგორც ბიზნესის მხარდამჭერები, ამ სექტორით დაინტერესებულ პირებს პირველი ნაბიჯების გადადგმას ვუმარტივებთ.

როგორ?

ერთ-ერთი პირველი სირთულე, რომელსაც დამწყები რესტორატორი ეჩეხება დანადგარებისა და სამზარეულოს აღჭურვილობის მაღალი ფასებია, არადა მათ გარეშე ბიზნესსაქმიანობის დაწყება შეუძლებელია. ამ დროს უნდა გაიაზრო, რომ თუ სასტარტო კაპიტალს აქტივების შეძენისთვის მოიხმარ, საოპერაციო საქმიანობისთვის შესაძლოა რესურსი აღარ დაგრჩეს.

სწორედ ამიტომ, რიგ შემთხვევებში ბიზნესისთვის საჭირო ტექნიკა-დანადგარის შეძენას მათი დალიზინგება ჯობს და კვების ობიექტის სამზარეულოს აქტივები ერთ-ერთი იმ შემთხვევათაგანია. თანაც, ითვლება, რომ პირველი თვეები კვების ობიექტის აქტიური ამოქმედებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამიტომ, რატომაც არა, თუ არსებულ რესურსს სხვა მიმართულებით გამოიყენებ და დანადგარების შეძენას ლიზინგით გადაწყვეტ.

წაიკითხე ბლოგი და აღმოაჩინე აქ,ახლა რა უპირატესობებს გაძლევს ლიზინგი, როგორც რესტორატორს, ბიზნესის წამოწყების პირველ და შემდგომ ეტაპებზე.

იღებ კონსულტაციას ტექნიკა-დანადგარების შერჩევისას

როდესაც დაფინანსების წყარო არჩეული გაქვს, მხოლოდ სასურველი ტექნიკა-დანადგარების სია არ კმარა — ბიზნესის სწორად წარმართვისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შენი არჩევანი იყოს ოპტიმალური, ანუ, აქტივის ფასი და ხარისხი ერთმანეთთან შესაბამისობაში მოდიოდეს და იცოდე სად მოიძიო ხარისხიანი პროდუქცია.

ლიზინგით სარგებლობისას, სასურველი ნივთის შეძენაში გეხმარება ლიზინგის მენეჯერი, რომელსაც ამ საკითხში დიდი გამოცდილება აქვს, რადგან მუდმივად უწევს სხვადასხვა ბიზნესისთვის აქტივების შერჩევა. შენც, შეგიძლია გაიმარტივო საქმე და ტექნიკა-დანადგარების შეძენის პროცესში ჩვენი გუნდის წევრი ჩართო.

ზოგავ ფულს

ისეთი მსხვილი კომერციული დანადგარების დალიზინგება, როგორებიცაა, უჟანგავი ფოლადის ჭურჭლის სარეცხის მანქანა, სხვადასხვა ტიპის მაცივარი, მიქსერი, ფერმენტაციის კარადა, ღუმელი თუ სხვა პროფესიონალური სამზარეულო ტექნიკა, გეხმარება დაზოგო თანხა დასაწყისისთვის და ის, ობიექტის ამუშავებისთვის საჭირო სხვა ქმედებისკენ მიმართო. მაგალითად, თავიდანვე ააწყო გამოძახების სერვისის გამართული სისტემა, იზრუნო პირველ ანაზღაურებებზე, ან ინვესტიცია მარკეტინგის ბიუჯეტში გააკეთო.

ნაკლებად რისკავ, რადგან დამატებითი უზრუნველყოფა არ გჭირდება

ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ლიზინგს ბიზნესის მხარდამჭერად განვიხილავთ — ნაკლები რისკია. სხვა დაფინანსების წყაროებისგან განსხვავებით, ლიზინგი არ ითხოვს დამატებით უზრუნველყოფას, ანუ უძრავი ან მოძრავი ქონების წარმოდგენას. შენ მიერ არჩეული სამზარეულოს ტექნიკა-დანადგარი თავად ხდება უზრუნველყოფის საგანი და იმ შემთხვევაში, თუ რაღაც ისე არ წავიდა, როგორც შენ გეგმავდი, ნივთი უბრალოდ უკან გვიბრუნდება.

ანაცვლებ მოძველებულ ან მწყობრიდან გამოსულ ტექნიკას ლიზინგით

ბიზნეს ობიექტის სამზარეულოს, სახლისას ვერ შეადარებ, მას მეტი ცვეთა აქვს. ისეც ხდება, რომ შეკეთებას, ხარვეზის გამოსწორებას ჯობს აღჭურვილობა უბრალოდ ჩანაცვლდეს.

არც ის არის აუცილებელი მხოლოდ პრობლემის გაჩენის დროს დაგჭირდეს დანადგარის ჩანაცვლება. თუ სარესტორნო საქმე თავიდანვე წარმატებით წარიმართა და რაღაც პერიოდის შემდეგ მიხვდი, რომ ტექნიკის ახლით, ან უბრალოდ უკეთესი მოდელით ჩანაცვლება შეგიძლია, ლიზინგით ეს სწრაფად და მარტივად ხდება.

სარესტორნო დანადგარები, რომელთა დალიზინგება შეგიძლია

  • ჭურჭლის სარეცხი მანქანები
  • მაცივრები
  • კონვექციური და სხვა ტიპის ღუმელები
  • კომბაინი
  • ცომსაზელი
  • ფრის მოსამზადებელი აპარატი
  • ვიტრინა-მაცივარი
  • სპირალური, პლანეტარული და სხვა ტიპის მიქსერები
  • ყინულის აპარატი
  • ცომის ლამინატორი
  • წყლის გასაციებელი
  • ვაკუუმის აპარატი
  • კრემის სახარში
  • ელექტროქურა ღუმელით
  • სახარში ქვაბი გაზზე
  • ცომის საბრტყელებელი
  • სლეშის აპარატი
  • მაგიდა-მაცივარი
  • კარტოფილის საფცქვნელი
  • პურის საჭრელი
  • ბოსტნეულის საჭრელი
  • ხორცსაკეპი
  • გრილი

იმ სარესტორნო აქტივების ჩამონათვალი, რომელთა დალიზინგება შესაძლებელია, ამით არ სრულდება, ლიზინგდება პროფესიონალური სამზარეულოსთვის საჭირო თითქმის ყველა ტიპის ტექნიკა-დანადგარი. ასე რომ, თუ ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი და სარესტორნო ბიზნესში ფეხის მოკიდება გადაწყვიტე, დაგვირეკე 2 122 777 ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ ბიზნესპროცესების გამარტივებაში.


ავტორი: ნინჩო ბალანჩივაძე