ბლოგი

ჰიბრიდების როლი გარემოს დაცვაში

ტოიოტა ცენტრი თეგეტა
მაისი 2020

ამ პერიოდში, თბილისში გასულს, ალბათ, შეგიმჩნევია უჩვეულოდ სუფთა ჰაერი. კი, ჟამიანობამ ჩვენს ცხოვრებაში რაღაცები უკეთესობისკენ შეცვალა, მაგალითად ის, რომ დავინახეთ, როგორი შეიძლება იყოს ჩვენი ქალაქი. ახლა, ჩვენც, როგორც პასუხისმგებლიანი მოქალაქეები, კიდევ უფრო დავფიქრდით იმაზე, თუ როგორ შევინარჩუნოთ ქალაქში შედარებით ჯანსაღი და უვნებელი გარემო სამომავლოდ.

ამ პოზიტიური ცვლილების მიზეზი ცხადია — ქალაქის დაბინძურების უდიდესი წილი, სწორედ ავტომობილებს უკავშირდება, COVID-19-ის პირობებში კი, ქვეყანაში მანქანების მოძრაობა მნიშვნელოვნად შემცირდა. იმისთვის, რომ ქალაქი მავნე ნაწილაკებისგან პანდემიის შემდეგაც განვმუხტოთ — მიზანშეწონილია გადასაადგილებლად, არჩევანი ეკომეგობრულ ტრანსპორტზე შევაჩეროთ.

თიბისი ლიზინგი და ტოიოტა ცენტრი თეგეტა წარმოგიდგენთ ჰიბრიდული ავტომობილების როლს გარემოს დაცვის საკითხში.

ორ ძრავაზე მომუშავე ავტომობილების პირველი მასობრივი წარმოება “ტოიოტას” სახელს უკავშირდება, როდესაც კომპანიამ 1997 წელს წარმოებაში პრიუსის სახით, ინოვაციური ჰიბრიდული ტექონოლოგია ჩაუშვა, რომელიც გამოირჩეოდა ეკოლოგიურად უსაფრთხო მახასიათებლებით. პირველი ჰიბრიდულ ძრავაზე მომუშავე ავტომობილი, რომელიც 2016 წელს “ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ” წარუდგინა პოტენციურ მომხმარებლებს სწორედ პრიუსი იყო.

1997 წლიდან დღემდე, “ტოიოტამ” ჰიბრიდული ავტომობილების დამსახურებით, მსოფლიოს 94 მილიონი ტონა CO2-ის გამოყოფა აარიდა თავიდან.

სანამ გარემოს დაცვაში ჰიბრიდული ავტომობილების მნიშვნელობას განვმარტავთ, სასურველია გვესმოდეს, როგორ მუშაობს ასეთი ავტომობილების მექანიზმი.

ავტომობილი ჰიბრიდულია მაშინ, როდესაც მისი ძრავა მუშაობს ორი ან მეტი განსხვავებული სახის ენერგიის წყაროზე. ამჟამად, ავტოინდუსტრიაში ჰიბრიდის ყველაზე გავრცელებული სახე ბენზინისა და ელექტროძრავის კომბინაციაა. მათ შორისაა “ტოიოტა ცენტრი თეგეტას” ჰიბრიდებიც, რომლებიც ცნობილია, როგორც ჰიბრიდულ-ელექტრული ავტომობილები, ვინაიდან ისინი ითავსებენ ენერგიის ორ წყაროს: ბენზინის ძრავას და ელექტროძრავას.

“ტოიოტა ცენტრი თეგეტას” ამ ხაზის ავტომობილები სრულად ჰიბრიდულია. ნაწილობრივ ჰიბრიდული ავტომობილებისგან განსხვავებით, ისინი ენერგიის ორ წყაროს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ამუშავებენ, მაშინ როცა ნაწილობრივ ჰიბრიდულ ავტომობილებში, ელექტროძრავა გამოიყენება მხოლოდ შიდა წვის ძრავის მხარდასაჭერად. გამოდის, რომ სრულად ჰიბრიდული ავტომობილით, შენ შეგიძლია მართო მანქანა მხოლოდ ელექტროძრავათი, ისევე როგორც მხოლოდ საწვავის ძრავათი და კომბინირებულადაც.

“ტოიოტა თეგეტას” ინიციატივით, იმ ადამიანების სახელზე, რომლებიც ჰიბრიდულ ავტომობილს შეიძენენ, ყოველ გავლილ 2000 კილომეტრზე, აჯამეთის ტყე-პარკში დაირგვება გადაშენების პირას მყოფი ჯიშის 1 მუხა.

არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ჰიბრიდები საწვავზე მომუშავე მანქანებთან შედარებით, გარემოს დაახლოებით 50%-ით ნაკლებად აბინძურებენ. ამ სტატისტიკას რამდენიმე ფაქტი განსაზღვრავს, რომელიც ჰიბრიდული ავტომობილების მექანიზმს უკავშირდება.

სრულად ჰიბრიდული ავტომობილი ხშირ შემთხვევებში საერთოდ არ მოიხმარს საწვავს

ჩვეულებრივი ავტომობილის მიერ მავნე ნივთიერებების გამოყოფის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მისი ადგილიდან დაძვრის, საცობებში მოძრაობისა და დაქოქილ მდგომარეობაში შუქნიშანზე დგომის დროს ფიქსირდება. როდესაც ავტომობილი სრულად ჰიბრიდულია, ქალაქში მართვისას და 50კმ/სთ-მდე სიჩქარით მგზავრობისას, ენერგიის თითქმის ნახევარს მისი ელექტროძრავი დამოუკიდებლად გამოიმუშავებს. შედეგად, ამ დროს ავტომობილი საერთოდ არ მოიხმარს ბენზინს, საწვავის ნულოვანი მოხმარება კი, ნიშნავს, რომ მანქანა არ გამოყოფს გამონაბოლქვს.

დამუხრუჭება = დატენვას

სრულად ჰიბრიდული ავტომობილი აღჭურვილია რეგენერაციული დამუხრუჭების სისტემით. ეს ნიშნავს, რომ დამუხრუჭებისას, გენერატორი გამოიმუშავებს ელექტროენერგიას, რომელიც მუხტავს ბატარეებს. დამუხტული ბატარეის შემთხვევაში კი, ავტომობილი გადაადგილდება ელექტროძრავის საშუალებით, რასაც ისევ მივყავართ იქამდე, რომ საწვავის მოხმარება ნულის ტოლია. გარდა ამისა, თუ ჩვენი ავტომობილი ფლობს თვითდამუხტვის ფუნქციას, ჩვენ აღარ გვჭირდება ბატარეის დამუხტვა დენში ჩართვით.

ნაწილობრივ ჰიბრიდული მანქანებისგან განსხვავებით, “ტოიოტა ცენტრი თეგეტას” სრულად ჰიბრიდული ავტომობილები დამოუკიდებლად მუშაობენ, როგორც ელექტროენერგიაზე, ასევე მხოლოდ საწვავზე და კომბინირებულად. ეს სისტემა მუშაობს ავტომატურად, მძღოლის ჩარევის გარეშე, რაც უზრუნველყოფს 70%-ით ნაკლებ CO2-ის გამოყოფას სხვა ბენზინისა და დიზელის ძრავებთან შედარებით.

თუ ამ საკითხს პრაგმატულად მივუდგებით, გარდა გარემოზე ზრუნვისა, ჰიბრიდული ავტომობილი დამატებით, მთელ რიგ უპირატესობებს ფლობს.

საწვავის ხარჯი შესამჩნევად გიმცირდება

ეკონომიურობის მხრივ, ტრადიციულ, ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილებთან შედარებით, ჰიბრიდული ავტომობილის მოხმარება საგრძნობლად ამცირებს საწვავის ხარჯს. თუ გავიხსენებთ ფაქტს, რომ საწვავი ძირითადად ბატარეის დამუხტვის დროს იხარჯება, ეს ბუნებრივიცაა. თანაც, დამუხრუჭების რეგენერაციის ხარჯზე, ჰიბრიდები ქალაქში უფრო ნაკლებ საწვავს მოიხმარენ, ვიდრე გზატკეცილებზე. მაგალითად, ახალი ჰიბრიდული კოროლა, 100 კილომეტრის გასავლელად სულ 3.4 ლიტრ საწვავს მოიხმარს. ეკონომიურობის კიდევ ერთი წყარო არის ის, რომ ჰიბრიდები დაბალი სიჩქარით გადაადგილებისას და უძრავად ყოფნისას საწვავზე მომუშავე ძრავს სრულად თიშავენ, რაც საწვავის ხარჯს კიდევ უფრო ამცირებს.

დღეს, ჰიბრიდული ავტომობილი უკეთესი შესანახია

ჰიბრიდებს, ტრადიციული მანქანებისგან განსხვავებით, ნაკლები ნაწილი აქვთ, ამიტომ მათი შეკეთება ნაკლები სიხშირით გჭირდება. “ტოიოტა თეგეტას” ჰიბრიდებში არსებული, ელემენტების ინოვაციური ტექნოლოგია შექმნილია ისე, რომ ემსახუროს ავტომობილს სრული საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში. ზოგიერთი მექანიკური ელემენტი, როგორებიცაა: გადაბმულობა, ცვლადი დენის გენერატორი და სტარტერის მოტორი, ამოღებულია, რაც თავის მხრივ, ამცირებს გაუთვალისწინებელი ხარჯების რისკს. აგრეთვე, ახალი ავტომობილის ყველა ჰიბრიდულ კომპონენტზე, მათ შორის ჰიბრიდულ ელემენტებზე, ვრცელდება Toyota-ს 5-წლიანი/100,000კმ* გარანტია, იმის მიხედვით თუ, რომელი პირობა შესრულდება უფრო ადრე.

გარდა იმისა, რომ ჰიბრიდულ ავტომობილებს იშვიათად სჭირდება სამუხრუჭე ხუნდებისა და მანქანის ზეთის გამოცვლა, მხედველობაში ისიც მისაღებია, რომ რაც უფრო კარგად არის მანქანა შენახული, ღირებულებასაც უკეთესად ინარჩუნებს. შესაბამისად, ჰიბრიდი ფინანსური თვალსაზრისითაც გონივრული ინვესტიციაა.

მართვის სასიამოვნო გამოცდილება

ჰიბრიდის ელექტრულ ძრავას მანქანის აჩქარება შეუძლია მანამ, სანამ შიგაწვის ძრავი საკმარისი ენერგიის გამომუშავებას შეძლებს. ამის გამო, დაბალ სიჩქარეებზე ჰიბრიდული მანქანები საკმაოდ სწრაფები არიან და თან, დაბალ სიჩქარეებზე ისინი პრაქტიკულად უხმაუროდ გადაადგილდებიან.

საქართველოში ჰიბრიდების ყიდვის სტატისტიკა მზარდია. თუ 2018 წელს, “ტოიოტა ცენტრი თეგეტას” გაყიდული მანქანებიდან ჰიბრიდი მხოლოდ 5% იყო, 2019 წლისთვის ეს მონაცემი 10%-ით გაიზარდა. მზარდი სტატისტიკა კი, დადებითად აისახება, როგორც ჩვენს დანაზოგებზე, ასევე გარემოს დაცვაზე.

ასე რომ, თუ პანდემიის შემდეგ, ავტომობილის არჩევის დილემის წინაშე აღმოჩნდები, ეცადე უპირატესობა ეკომეგობრულ მექანიკურ საშუალებებს მიანიჭო.


ავტორი: ნინჩო ბალანჩივაძე