ბლოგი

COVID-19 და სხვა გარემოებები

რეკომენდაციები პინეოსგან — როგორ მოვიქცეთ თუ ჯანმრთელობის პრობლემა შეგვექმნა
მარტი 2020

კართან რომელიმე სეზონის ნაცვლად, უცნობი ვირუსული ინფექცია რომ მოდგება, რთულია ყურადღება მთლიანად მისკენ არ მიმართო. რაციონალურიცაა, დაივიწყო ყოველდღიური საზრუნავი და მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობაზე იფიქრო. COVID-19-ის გამოჩენის შემდეგ, ჩვენ ვცდილობთ თავი დავიცვათ ვირუსისგან, ადამიანებთან ახლო კონტაქტს მაქსიმალურად მოვერიდოთ და ამ ადამიანებში ყველაზე ხშირად ექიმები მოიაზრებიან. მიზეზი ნამდვილად არსებობს — გარკვეული პროფესიის წარმომადგენლებს და განსაკუთრებით ექიმებს, ვირუსის პრევენციის მიზნით უფრო ხშირი კომუნიკაცია აქვთ ჩვენთან, პოტენციურ გადამტანებთან. ცდილობენ უზრუნველყონ ჩვენი უსაფრთხოება და შესაბამისად, ჩვენს კეთილდღეობას მეტად უფრთხილდებიან, ვიდრე საკუთარს. და რადგან ვუშვებთ გონებაში, რომ ისინი რისკ ჯგუფს განეკუთვნებიან, ხანდახან საჭიროების შემთხვევაშიც ვიკავებთ თავს მათთან ვიზიტისგან და გვგონია, რომ დღეს ჯანმრთელობა ნიშნავს არ გქონდეს COVID-19.

რეალურად კი, ყველაფერი ძალიან მარტივადაა — თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა შეგექმნება, შეგიძლია დაუკავშირდე ექიმს და სატელეფონო კონსულტაცია გაიარო. თუ შენი პრობლემა დისტანციურად მოგვარებადია, საუბრისას დეტალურად აგიხსნიან რა გზებს უნდა მიმართო ამისთვის. ექიმი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაგინიშნავს კლინიკაში ვიზიტს, თუ რაიმე ისეთი ჩივილი გაქვს, როგორსაც, პირობითად დიაგნოსტიკა ან ანალიზი სჭირდება.

მოდი, ცოტახნით წარმოიდგინე, რომ ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინ ტროაში დაიბადე. დგახარ სხვებთან ერთად ციხესიმაგრეზე და ყიჟინით მორბენალი მტრის ლანდშაფტზე გამოჩენას ელოდები. ამ დროს კი, შენს გალავანში ტროას განთქმული ცხენი შემოდის. დაახლოებით ასეთი რამ შეიძლება დაემართოს ჩვენს ორგანიზმს, მხოლოდ ერთი დაავადებისგან თუ დავიცავთ მას, სხვა, მნიშვნელოვან ჩივილს უგულებელვყოფთ და მკურნალ ექიმთან ვიზიტს კორონავირუსის ინფექციის გადავლამდე გადავდებთ.

დაკვირვებიხარ, რომ მხედველობის არე მაშინვე ვიწროვდება, როგორც კი ერთ კონკრეტულ ნივთზე კონცენტრირდები და გარშემო რაღაცები ნელ-ნელა ქრებიან? ასეა ახლაც, შესაძლოა ნებისმიერი ჩვენგანისთვის უფრო საფრთხილო ის კი არ აღმოჩნდეს, რასაც მუდმივად ვაკვირდებით, ანუ კორონავირუსული ინფექცია, არამედ რაღაც, რაც ჩვენს ორგანიზმში შეუმჩნევლად იჭრება; სწორედ ამიტომ, ამ ვითარებაშიც კი, ექიმთან კონსულტაცია და გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში კლინიკაში ვიზიტი აუცილებელია. განსაკუთრებით მაშინ, თუ კლინიკა მუდმივ რეჟიმში იცავს ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდირებულ უსაფრთხოების ნორმებს.

ისე, შეგიძლია თავადაც ნახო რა პროცესის გავლა მოგიწევს და როგორი გარემო დაგხვდება ჩვენს პარტნიორ კლინიკა “პინეოში” სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური კონტროლის გამკაცრების შემდეგ. „პინეო“ სამედიცინო ეკოსისტემაა, რაც ნიშნავს, რომ ის მოიცავს თითქმის ყველა სამედიცინო მომსახურებას, კერძოდ: ზოგად ქირურგიას, ტრავმატოლოგიას, უროლოგიას, გინეკოლოგიას, თერაპიას, კარდიოლოგიას, ნევროლოგიას, სამეანო მიმართულებას, ორსულთა პათოლოგიას, ახალშობილთა და მოზრდილთა რეანიმაციას, გადაუდებელ მიმღებს, ამბულატორიას, რადიოლოგიას, ულტრასონოგრაფიას, ენდოსკოპიას, კომპიუტერულ ტომოგრაფიასა და ლაბორატორიას;

კორონავირუსის პრევენციისა და კონტროლის მიზნით, პინეოში და ნებისმიერ სხვა კლინიკაში, რომელიც ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს ითვალისწინებს:

  • მკაცრად კონტროლდება სრული სანიტარული და ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების ჩატარება კლინიკის ყველა განყოფილებაში და შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე.
  • მომსახურე პერსონალის არც ერთ წევრს არ აქვს უფლება დატოვოს შენობა სამედიცინო ფორმით.
  • მომსახურე პერსონალის არც ერთი წევრი არ დაიშვება კლინიკის ტერიტორიაზე, თუ მას აღენიშნება ტემპერატურა ან რესპირატორული ინფექციის ნიშნები.
  • პერსონალი, რომელიც კლინიკის შენობაში შეგხვდება, კვირაში რამდენჯერმე გადის ტრენინგებს COVID-19-ის პრევენციისა და გავრცელების შესახებ.
  • შენობა მთლიანად დეზინფექცირებულია, მაქსიმალურად ხშირად ნიავდება ოთახები და პალატები.
  • შენობაში შეზღუდულია ნებისმიერი უცხო პირის გადაადგილება, გარდა პაციენტებისა.

რა პროცესის გავლა მოგიწევს კლინიკაში მისვლამდე და მისვლის შემდეგ

  • როგორც უკვე აღვნიშნეთ, კლინიკაში მისვლამდე აუცილებლად უნდა გაიარო სატელეფონო კონსულტაცია და მხოლოდ ექიმის რჩევის შემდეგ, გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში მიხვიდე კლინიკაში.
  • თუ გადაუდებელ მიმღებში გექნება ვიზიტი, სათანადო კვლევების შემდეგ გადაგიყვანენ შესაბამის, სრულად დეზინფექცირებულ განყოფილებაში.
  • ხოლო, თუ ამბულატორიული პაციენტი იქნები, რეგისტრაციის და ტემპერატურის შემოწმების შემდეგ, თანმხლების გარეშე გადახვალ შესაბამის საექიმო კაბინეტში/ლაბორატორიაში, რომელიც ასევე დეზინფექცირებული იქნება.
  • პერსონალი, რომელთან კომუნიკაციაც მოგიწევს აღჭურვილი იქნება ინფექციის კონტროლის საშუალებებით.

მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ მოთმინება ძალიან კარგი თვისებაა, ხანდახან შეიძლება ძალიან უადგილო და უდროო აღმოჩნდეს. შესბამისად, თუ რაიმე გაწუხებს და გარეთ გასვლას ერიდები, აუცილებლად მიმართე ექიმს და მიჰყევი მის ინსტრუქციას.

ავტორი: სონია გულაღაშვილი