არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ნებისმიერი ორგანიზაციის ინფორმაცია ფურცლებზე, ფაილებსა და შემდეგ უკვე დიდ საქაღალდეებში ინახებოდა. წლიდან-წლამდე გაზრდილ არქივში სასურველი მონაცემის მოძებნა ისეთივე სირთულეს წარმოადგენდა, როგორც მომხარებლისთვის საგულდაგულოდ აკინძული ხელშეკრულებების ყველა გვერდზე ხელმოწერის მოთხოვნა „ერთი აქაც რომ მოგვიწეროთ ხელი თუ შეგიძლიათ?“. შემდეგ იყო ანალოგიდან დიჯიტაცია, ანუ კომპიუტერის შემოსვლა ჩვენს ცხოვრებაში, სადაც ინფორმაციის ციფრულ არხებში მოძიება-შენახვა დადგა დღის წესრიგში. დღეს კი, ახალი რეალობა, დიჯითალ ტრანსფორმაცია, რომელიც ადამიანის ცხოვრების გამარტივებისთვის გამოგონილი საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
2022 წლის 29-30 ივნისს, ქალაქ სტამბულში, MFC-ს ორგანიზებით 24-ე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო საინვესტიციო ლანდშაფტისა და შესაძლებლობების შეფასება, უახლესი მიდგომების გადახედვა გენდერის, მწვანე ფინანსების, ტექნოლოგიური გამოწვევების, ლტოლვილებისა და მიგრანტების ფინანსური გაძლიერების მიმართულებით. ღონისძიების ერთ-ერთი სესიის ორგანიზატორი ცნობილი საინვესტიციო პლატფორმა Triple Jump გახლდათ, რომლის პანელურ დისკუსიაში მონაწილეობაც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელმაც მიიღო.
საქართველოდან პანელის მთავარი სპიკერი, თორნიკე ეგნატაშვილი თიბისი ლიზინგის ფინანსურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. 10 წელზე მეტია, რაც ქვეყნის წამყვანი სალიზინგო კომპანიაში მუშაობს და თანამედროვე გამოწვევებს აქტიურად უწყობს ფეხს. „როგორც პანდემიურმა რეალობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, მუდმივი მართლაც მხოლოდ ცვლილებაა, შესაბამისად, საფინანსო ინსტიტუტებისთვის მოქნილობა ერთ-ერთ მთავარ ღირებულებად იქცა“.
Triple Jump-ის სესიის პანელური დისკუსია განსაკუთრებით აქტუალურ საკითხს შეეხებოდა და წარმატებული ორგანიზაციების წარმომადგენლების პრაქტიკის გაზიარებას ისახავდა მიზნად. „უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში სულ უფრო ხშირად ჟღერდება ტერმინი „ციფრული ტრანსფორმაცია“, რაც ბიზნეს პროცესების, კულტურისა და მომხარებლის გამოცდილების დიჯიტალიზაციას გულისხმობს. შესაბამისად, ჩვენი მეტად დინამიური, ტრადიციული სექტორისთვის აღნიშნული პროცესი ერთგვარ გამოწვევად იქცა, ამიტომ მსგავსი ტიპის შეხვედრები გვაძლევს საშუალებას გავაზიაროთ საკუთარი გამოცდილება და მოვუსმინოთ კოლეგებს მთელი მსოფლიოდან, რომლებმაც გაიარეს ან ახლა გადიან ამ ინოვაციების ციკლს“ შეხვედრის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვან და ფინტექ კომპანიებისთვის საინტერესო საკითხზე მოხდა აქცენტირება, მათ შორის იმ შეცდომებზე, რომელსაც ყველაზე ხშირად უშვებენ საფინანსო ინსიტუტები ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში.
„დამსწრე აუდიტორიას გავუზიარე ჩვენი პრაქტიკა DT მიმართულებით, ვიმსჯელეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც შეგვხვდა პანდემიურ თუ პოსტ-პანდემიურ რეალობაში. ასევე განვიხილეთ უნარები და ხედვები, რომელიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს უმაღლესი მენეჯმენტის რგოლს ტრანსფორმაციის წარმატებით გასავლელად. რა თქმა უნდა, ეს განგრძობითი, უწყვეტი პროცესია, რომლის უმნიშვნელოვანეს ნაწილსაც დასაქმებულებთან სწორი კომუნიკაცია და მათი მაქსიმალური ჩართულობის მოპოვება წარმოადგენს, ამიტომ არც ეს საკითხი დაგვრჩენია ყურადღების მიღმა. კითხვები შეეხებოდა პროექტების ღირებულებებს და მათი წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მიღებულ გაზომვად შედეგებსაც, რაზეც ჩვენი პრაქტიკა გავაზიარე და ვფიქრობ აუდიტორიისთვის საკმაოდ საინტერესო იყო“
პანელზე განხილული საკითხებიდან ის ძირითადი რჩევები გამოიკვეთა, რომელიც ნებისმიერი კომპანიისთვის საინტერესო შეიძლება იყოს. პირველ რიგში ეს ეხებოდა ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის სწორად დაგეგმვას, რაც გულისხმობს ორგანიზაციისთვის პრიორიტეტების განსაზღვრას, საიდანაც გამომდინარეობს შემდგომ ვენდორის სწორად შერჩევა, ბიუჯეტის და ვადის განსაზღვრა, ორგანიზაციის შიგნით პროცესში ჩართული პასუხისმგებელი რგოლების იდენტიფიცირება და ა.შ.. ყოველივე ეს კი დაგეგმვის ეტაპზე ხდება და მნიშვნელოვანია რომ სწორედ ამ ეტაპზე მოხდეს ასევე კვალიფიციური კონსულტანტის ჩართულობა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ორგანიზაციაში არ არსებობს შესაბამისი გამოცდილება და კომპეტენცია. შედეგად, სწორად დაწყებული და დაგეგმილი პროცესი დიდწილად განსაზღვრავს ციფრული ტრანსფორმაციის წარმატებულ შედეგს და სწორედ საწყისი ეტაპის სწორად წარმართვაზე უნდა გაამახვილონ ორგანიზაციებმა ყურადღება.