ბლოგი

GeoP - შინაური ცხოველების ქართული პროდუქტი ექსპორტისთვის

ოქტომბერი 2018

კატასთან ერთად გატარებული დრო არასდროს არის დაკარგული და ძაღლი დედამიწაზე ერთადერთი არსებაა, რომელსაც საკუთარ თავზე მეტად უყვარხარ. დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რომელ მოსაზრებას ეთანხმები და რომელ ბანაკს მიეკუთვნები, თუ შინაური ცხოველის პატრონი ხარ, ალბათ, ის შენთვის სრულფასოვანი ოჯახის წევრია და როგორც, დედამიწის მოსახლეობის ნახევარზე მეტს, შენც, მისთვის საუკეთესო გარემოსა და მაქსიმალური კომფორტის შექმნა გსურს.

სწორედ, ამ კეთილ საქმეს ემსახურება ქართული წარმოშობის კომპანია — Georgian Products (GeoP), რომელიც უცხოური ბაზრისთვის აწარმოებს შინაური ცხოველების ავეჯსა და საკვებს და პროდუქცია საზღვრებს გარეთ ქართული სახელით გააქვს.

ჩვენ გავესაუბრეთ კომპანიის გენერალურ დირექტორსა და დამფუძნებელს, დავით ბარდაველიძეს, რომელმაც მეტი გვიამბო ცხოველების ქართული ავეჯის საზღვრებს გარეთ მოგზაურობის ისტორიაზე, აწყმოსა და სამომავლო გეგმებზე.

დავით, როგორ დაიწყო GeoP-ს საექსპორტო ბიზნესისტორია?

2014 წლის 27 ივნისს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა და საქართველოს ლოგისტიკურად ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა გახდა პირველი ბიძგი იმისა, რომ რეალურად გვეფიქრა საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტზე. შეღავათიანმა საბაჟო რეჟიმმა მოგვცა შანსი კონკურენცია გაგვეწია ისეთი მწარმოებელი ქვეყნებისათვის, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი და ა.შ.

არჩევანი შევაჩერეთ ცხოველების ავეჯის წარმოების დაწყებაზე. ეს გამოწვეული იყო პროდუქციის სპეციფიკის მეტ-ნაკლებად ცოდნით, რადგან ჩვენს ჰოლდინგში შემავალი კლიენტთა მომსახურების ონლაინ სერვის-კომპანია “GSG” რამდენიმე წლის განმავლობაში მომსახურებას უწევდა ევროპის ბაზარზე ცხოველების ავეჯის, საკვებისა და სხვა აქსესუარების მიმწოდებელ ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას Zooplus-ს.

ეს ნამდვილად გამართლება იყო, რადგან გაგვიადვილდა ევროპელი მომხმარებლისთვის ისეთი პროდუქციის შეთავაზება, რომელზეც უკვე არსებობდა მოთხოვნა.

შედეგად, უამრავი ევროპელი მომხმარებლის ოჯახში გაჩნდა პროდუქცია წარწერით “MADE IN GEORGIA”, რამაც ხელი შეუწყო ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას ევროკავშირის ქვეყნებში.

დავით ბარდაველიძე
GeoP-ის გენერალური დირექტორი, დამფუძნებელი

ჩვენი მისიაა მომხმარებელს შევთავაზოთ ეკოლოგიურად უსაფრთხო, მაღალი ხარისხის პროდუქცია, რომელიც ბევრად აუმჯობესებს შინაური ცხოველების ცხოვრების ხარისხს.

რა პროდუქციას აერთიანებს GeoP?

GeoP-ის ასორტიმენტი მოიცავს კატის ხეებს, ძაღლის სახლებსა და რბილ ავეჯს. გარდა ამისა, დავიწყეთ ძაღლის საკვების წარმოება, რაც კომპანიისთვის არის ახალი შესაძლებლობა, გააფართოოს საქმიანობა შინაური ცხოველების საკვების მიმართულებით. GeoP პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე ხორცპროდუქტებით შევა.

ჩვენს პროდუქციაში გამოყენებულია მაღალი ხარისხის, უსაფრთხო ნედლეული და დამხმარე მასალები. ხის მასალა და ხის პროდუქტები სერტიფიცირებულია FSC (Forest Stewardship Council)-ის მიერ, ხოლო ტექსტილის უსაფრთხოება და მაღალი ხარისხი დასტურდება OeKo Tex სერტიფიკატით.

რა ქვეყნებში შედის GeoP-ის პროდუქცია და როგორ უწევს ქართული პროდუქტი კონკურენციას ბაზარზე არსებულ სხვა მოთამაშეებს?

დღეს, GeoP-ის 90-ზე მეტი სახეობის პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება შემდეგ ქვეყნებში: გერმანია, ნიდერლანდები, ბელგია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, თურქეთი. რამდენიმე თვის წინ კომპანიამ აშშ–ს ბაზარზე შესვლის პირველი და საკმაოდ წარმატებული ნაბიჯები გადადგა. გაყიდვების ზრდის დინამიკიდან გამომდინარე, პროდუქცია თითოეულ ზემოთჩამთვლილ ქვეყანაში საკმაოდ პოპულარულია, რადგან ჩვენი კონკურენტული უპირატესობა ხარისხია.

მსგავსი პროდუქციის მწარმოებელი სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, ჩვენთვის მიუღებელია დამაკმაყოფილებელი ხარისხი. ჩვენგან გასული თითოეული ერთეული გადის ხარისხის უმკაცრეს კონტროლს. მაღალი ხარისხი გულისხმობს როგორც პროდუქციაში გამოყენებულ ეკოლოგიურად უსაფრთხო ნედლეულს, ასევე მისი შესრულების სიზუსტეს. ლოგისტიკური კუთხით ოპერატიულობაც ჩვენი ერთ-ერთი უპირატესობაა.

როგორ აისახება კომპანიის საექსპორტო საქმიანობა ქვეყნის კეთილდღეობაზე?

GeoP-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის წარმატება გახდეს სხვა ქართული ბიზნესების წინსვლის პროცესის თანამონაწილეც. ამისთვის, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ პროდუქციის დასამზადებლად საჭირო ნედლეული და დამხმარე მასალები შევისყიდოთ ადგილობრივი მომწოდებლებისაგან. ამასთანავე, ჩვენი პროდუქციის მაღალი ხარისხი თავისთავად ზრდის ნდობას საქართველოში წარმოებული პროდუქციის მიმართ, რაც სხვა ქართულ კომპანიებსაც უადვილებს ევროპის, ამერიკისა თუ სხვა ქვეყნების ბაზრების ათვისებას. ექსპორტის ზრდა კი, ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას.

გარდა ამისა, ვცდილობთ დავასაქმოთ რაც შეიძლება მეტი ქართველი ადამიანი, რითაც ჩვენი მხრივ მცირე წვლილს შევიტანთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

როგორ იქმნება ცხოველების ავეჯი და საკვები GeoP-ის საწარმოში?

დროთა განმავლობაში, შინაური ცხოველები ოჯახის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ. მათი პატრონები ცდილობენ, რომ საყვარელ ოთხფეხა მეგობრებს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნან, ჩვენი გუნდი კი ცდილობს, რომ პროდუქცია ხარისხიანი და მომხმარებლისთვის იდეალური იყოს, ამიტომ GeoP-ის მიერ წარმოებული თითოეული მოდელი რთულ და გრძელ გზას გადის იქამდე, სანამ მასობრივ წარმოებაში ჩაეშვება.

ცხოველებისათვის განკუთვნილი პროდუქცია, გარდა ვიზუალური მხარისა, ძალიან ბევრ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. კერძოდ, იყოს ფუნქციონალურად უნაკლო, ითვალისწინებდეს ცხოველების ანატომიას, მათ ხასიათს და რაც მთავარია, იყოს სრულიად უსაფრთხო. გარდა ზემოაღნიშნულისა, პროდუქტი უნდა იყოს მაქსიმალურად მარტივი საწარმოო პროცესების ოპტიმიზაციისათვის. სწორედ ამიტომ, პროდუქტის შექმნის პროცესში ჩართულია კომპანიის უამრავი რგოლი — საოპერაციო დირექტორი, დიზაინერი, წარმოების, ფინანსური და შესყიდვების გუნდები. ერთობლივი მუშაობის შედეგად ხდება საცდელი მოდელის ნიმუშის წარმოება, რომელიც იგზავნება ჩვენს ევროპელ პარტნიორთან შენიშვნებისა და კომენტარებისათვის. არის შემთხვევები, როდესაც ნიმუში პირველივე ჯერზე ავტორიზდება ჩვენი პარტიორის მიერ, ხოლო, ზოგ შემთხვევაში, საბოლოო დასტურამდე, ის რამდენჯერმე გადის მოდიფიცირებას.

საინტერესოა, რას ითვალისწინებთ კონკრეტული პროდუქტების შექმნისას?

GeoP მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს ახალ, საინტერესო პროდუქტებს, რომლებიც შინაური ცხოველებისა და მათი პატრონების ყოველდღიურ ყოფას საგრძნობლად აუმჯობესებს და აადვილებს. ამაში გვეხმარება ის ფაქტი, რომ მუდმივად თვალს ვადევნებთ გაყიდვების ონლაინ პლატფორმაზე ჩვენი პროდუქციის მომხმარებელთა გამოძახილებს. ეს საშუალებას გვაძლევს, გავიგოთ, თუ რა არის ჩვენი პროდუქციის დადებითი და უარყოფითი მხარეები და რა მიმართულებით უნდა განვავითაროთ პროდუქციის ასორტიმენტი. პროდუქციის ხარისხთან ერთად ჩვენი კომპანია ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს მომსახურებას — როგორც ლოგისტიკურს, ასევე ე.წ. “After Sales”. ყველაფერი ამის დამსახურებაა, რომ თუ 2015 წელს GeoP-ი მხოლოდ ერთი სახეობის ავეჯს აწარმოებდა, დღეს კომპანიიის 500-მდე თანამშრომელი ყოველდღიურად 2000 ერთეულ სხვადასხვა პროდუქტს ამზადებს. ასორტიმენტი მუდმივად განახლებადია. თითოეული პროდუქტი, რომელიც ტოვებს ჩვენს საწყობს, საგულდაგულოდაა შემოწმებული. რაც უმნიშვნელოვანესია, ჩვენ მოგვწონს ის, რასაც ვაკეთებთ, ამიტომაც გამოგვდის ეს საქმე ასე კარგად.

როგორია ქართული პროდუქტის სამომავლო გეგმები?

ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქციის მაღალი ხარისხისა და ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, გვაქვს ამბიციური გეგმები, ავითვისოთ ახალი ბაზრები და სერიოზული კონკურენცია გავუწიოთ შინაური ცხოველების პროდუქციის უმსხვილეს მომწოდებლებს მსოფლიოში. გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი მომხმარებლის ოჯახში იდგას პროდუქტი წარწერით “MADE IN GEORGIA”.


ავტორი: ნინჩო ბალანჩივაძე