ბლოგი

ყველაზე ხშირად დალიზინგებული ნივთები

აგვისტო 2020

კითხვაზე, თუ რას საქმიანობს თიბისი ლიზინგი, ერთი წინადადებით ასე ვუპასუხებდით: ეს არის ბიზნესი, რომელიც ეხმარება წამოწყებაში, ზრდის და ავითარებს სხვა ბიზნესებს, რაც საზღვარგარეთ უკვე საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა. საქართველოში ლიზინგი აქ, ახლა ეტაპობრივად იკიდებს ფეხს და ამ ეტაპზე, ფიზიკურ პირებს ლიზინგით სარგებლობა მსუბუქი ავტომობილების შესაძენად შეუძლიათ.

სანამ მთავარ ნაწილზე გადავალთ, ერთი რამ აუცილებლად უნდა იცოდე: ლიზინგი სესხი არაა. სესხისგან განსხვავებით, დაფინანსების ამ წყაროს გამოყენება შეგიძლია ტექნიკა-დანადგარის, სხვადასხვა სახის ტრანსპორტის, ან უძრავი ქონების შეძენისთვის. ლიზინგის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ნივთი, რომელიც გესაჭიროება, იყოს მრავალჯერადი და მისი გამოყენება დროის ვრცელ პერიოდში შეგეძლოს.

ვფიქრობთ, ყველაზე კარგი გზამკვლვლევი ამ პროდუქტის საფუძვლიანად გაცნობისთვის პრაქტიკული მაგალითებია, ამიტომ წაიკითხე ბლოგი და აღმოაჩინე ნივთები, რომლებსაც ადამიანები ყველაზე ხშირად ალიზინგებენ.


ექსკავატორი

მუხლუხა/ბორბლიანი ექსკავატორი და სხვა სამშენებლო აქტივები, მათ შორის, დამტვირთველი, გრეიდერი, გზის დამგები, ფრეზი, გზის სატკეპნი, ბულდოზერი და თვითმცლელები ის მძიმე ტექნიკაა, რომელთა გამოც, მომხმარებელი ყველაზე ხშირად მოგვმართავს. თუმცა, ყველაზე დიდი მოთხოვნა ექსკავატორზე შემოდის, რადგან ის უნივერსალური სამშენებლო მანქანაა, რომელსაც სხვადასხვა ტიპის სამუშაოს შესრულება შეუძლია, მაგალითისთვის: გრუნტის ამოღება, თვითმცლელების დატვირთვა, მძიმე სამშენებლო მასალების გადაადგილება, საჭრელი, საბურღი და სანგრევი სამუშაოების წარმოება, ყრილის მოწყობა და სხვა.


ექოსკოპი

სამედიცინო სექტორი ერთ-ერთი იმ სფეროთაგანია, რომელიც ლიზინგის პროდუქტს აქტიურად იყენებს. სამედიცინო სექტორში ყველაზე ხშირად დალიზინგებადი დიაგნოსტიკური აპარატი — ექოსკოპია, რადგან მას მოიხმარს თითქმის ყველა სამედიცინო მიმართულება: გინეკოლოგია, კარდიოლოგია, მამოლოგია, გასტროენტეროლოგია... თუ ექოსკოპს სხვა აპარატებს შევადარებთ, ექოსკოპი საკმაოდ ხელმისაწვდომია, სახარჯი მასალაც ცოტა სჭირდება და ოპერირებაში მარტივია. ექოსკოპის შემდეგ, ყველაზე ხშირად ალიზინგებენ რენტგენს, კომპიუტერულ ტომოგრაფსა და მაგნიტორეზონანსულ ტომოგრაფს. ფასები იზრდება დანადგარის ხილვადობის შესაძლებლობისა და ეფექტურობის მიხედვით.


ლაზერული ეპილაციის დანადგარი

კავკასიის რეგიონში ევროპის ქვეყნებთან შედარებით ლაზერული ეპილაციის დანადგარი გაცილებით მოთხოვნადია, რადგან მოსახლეობაში პროცენტულად მეტია ჭარბთმიანობა. მართალია, ლაზერული ეპილაციის ბიზნესი სეზონურია, მაგრამ ყველაზე აქტიურ პერიოდში (თებერვალი - ოქტომბერი) მოთხოვნა ძალიან დიდია. აპარატების ფასი მერყეობს 10,000$-დან 100,000 $-მდე.


პოლიგრაფიული დანადგარები

მას შემდეგ, რაც ვახტანგ VI-მ საქართველოში პირველი სტამბა გახსნა, ბევრი რამ შეიცვალა. თუ 1713-დან 1720 წლამდე საქართველოში სულ 5 წიგნი დაიბეჭდა, დღეს პოლიგრაფიული საქმიანობა სცდება წიგნებს და უამრავ სფეროსა და მასალას ეხება. პოლიგრაფიული აპარატების შედარებით მაღალი ფასებიდან გამომდინარე კი, ადამიანები დაფინანსებისთვის ხშირად ლიზინგს მიმართავენ.


ღუმელები

Horeca საქართველოში მნიშვნელოვნად ვითარდება. დღითიდღე იზრდება კაფეებისა და რესტორნების რიცხვი და აქტივი, რომელიც ამ დაწესებულებებს უპირველეს ყოვლისა სჭირდებათ — ღუმელია. თუ ბიზნესის წარმომადგენელს პირველ ეტაპზე არ აქვს რესურსი ყველაფერი ერთიანად შეიძინოს, ამ დროს, ლიზინგი საუკეთესო გამოსავალია. თიბისი ლიზინგი შენ მაგივრად შეიძენს ღუმელს, გადმოგცემს სარგებლობაში ყოველთვიური გადასახადის სანაცვლოდ და ხელშეკრულების ამოწურვის ბოლოს შენ გადმოგიფორმებს.


ტრაქტორი და მისაბმელები

დღესდღეობით, საქართველოში სოფლის მეურნეობა სწრაფად განვითარებადი, ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი დარგია, რადგან ქვეყანა თვითმყოფადობას გამართული აგროსექტორის გარეშე ვერ მიაღწევს. ტრაქტორი და მისი მისაბმელები კი, როგორებიცაა ვენახის შესაწამლი, გამაფხვიერებელი, საფრქვევი და ა.შ. ის ტექნიკა-დანადგარებია, რომელთა გარეშეც სოფლის მეურნეობაში უბრალოდ არაფერი ხდება. სოფლის მეურნეობაში ჩართული ადამიანები ლიზინგს, როგორც დაფინანსების წყაროს ძალიან ხშირად მიმართავენ.


სატრანსპორტო საშუალებები

სადისტრიბუციო მანქანები, ტრაილერები საერთაშორისო გადაზიდვებისთვის, ის ძირითადი ტრანსპორტის სახეობებია, რომლებსაც ბიზნესები ყველაზე ხშირად ალიზინგებენ. თუმცა, აქვე, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ავტომობილები, როგორც ბიზნესისთვის, ისე პირადი საჭიროებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ლიზინგის პირობები იმდენად მომხმარებელზეა მორგებული, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მანქანას ლიზინგის საშუალებით ყიდულობს. მომხმარებელზე მორგებული პირობები გულისხმობს, აქტივის შეძენის პროცესში თიბისი ლიზინგის ჩართულობას, ავტომატურ დაზღვევას, დამატებითი უზრუნველყოფის საჭიროების და გარკვეულ შემთხვევებში ქონების გადასახადის არარსებობას და მისი აღების სიმარტივეს.

მოკლედ, ეს იმ ნივთების სიაა, რომლებსაც ჩვენი მომხმარებლები ყველაზე ხშირად ალიზინგებენ, თუმცა ეს ნუ შეგზღუდავს, თუ ისეთი ტექნიკისა ან დანადგარის შეძენა გადაწყვიტე, რომლით სარგებლობა დროის დიდი მონაკვეთის განმავლობაში შეგიძლია, ჩვენ მის დალიზინგებას აუცილებლად განვიხილავთ — If you can use it we can lease it.


ავტორი: ნინჩო ბალანჩივაძე