მცირე ბიზნესი თანამედროვე სამყაროს ხერხემალია. მცირე ბიზნესის უკან დგანან ადამიანები, რომლებმაც სამსახურში მუშა ფუტკრობას საკუთარი საქმიანობის შექმნა ამჯობინეს და ბიზნესთან დაკავშირებულ სირთულეებთან შეჭიდება გადაწყვიტეს.
დღეს, მცირე ბიზნესი ეკონომიკის ის ძალაა, რომელიც ეტაპობრივად ვითარდება, ქმნის ქვეყანაში ახალ სამუშაო ადგილებს, მუდმივად გარდაიქმება, ერგება ადგილობრივი მაცხოვრებლების საჭიროებებს, ყალიბდება ბრენდად და საზოგადოების გულში საბოლოოდ თავის ადგილსაც იკავებს.
თუმცა, სანამ მცირე ბიზნესი ბაზარზე თავს დაიმკვიდრებს, მისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას მხოლოდ და მხოლოდ შრომა, შეცდომების დაშვება, შემდგომში მათზე დაყრდნობით სწავლა, გამბედაობა და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებულობა განაპირობებს.
ჩვენ, მცირე ბიზნესის წარმატებასთან დაკავშირებით, არაერთი ბესტსელერის ავტორის, ბლოგერისა და ანტრეპრენუარის, სეთ გოდინის სხვადასხვა ნააზრევს გავეცანით, გავაანალიზეთ ისინი, ერთიანად შევკარით და აქ, ახლა მათ რჩევების სახით გიზიარებთ.
გამოავლინე მომავლის რწმენა და თავდაჯერებულობა
გადადგი სწორი ნაბიჯი მაშინაც კი, როდესაც ეს ქმედება მოკლევადიან გეგმაში ზედმეტ და გაუთვალისწინებელ ხარჯებს
უკავშირდება. შეხედე სურათს გრძელვადიან პერსპექტივაში, დღეს კომპრომისზე წასვლამ, შესაძლოა მომავალში შენს
ბიზნესსაქმიანობას სიკეთე მოუტანოს.
იქონიე უნარი უარი თქვა შემუშავებულ გეგმაზე, თუ აღმოაჩინე, რომ ის არ მუშაობს
რთულია უარი თქვა საათივით აწყობილ გეგმაზე, თუმცა ხანდახან თეორიული მომავლის სქემა მცდარია და პრაქტიკაში არ მუშაობს.
შენ მიერ შედგენილი გეგმის განხორციელების პროცესში შეიძლება აღმოაჩინო, რომ ის არც თუ ისე ეფექტურია. ასეთ დროს იპოვე
შენში ძალა უარი თქვა მასზე, მიეცი საკუთარ თავს ლავირების საშუალება, დააკვირდი შენ გარშემო შექმნილ გარემოს და მოარგე
სამოქმედო გეგმა აწმყოს, სიტუაციას, რომელიც აქ და ახლა არსებობს.
მცირე საქმიანობა არის ეფექტური იარაღი და არა მომიზეზების საბაბი
მომხმარებელს არ აინტერესებს შენი კომპანიის ზომა, მომხმარებელს სურს უბრალოდ ხარისხიანი მომსახურების მიღება. არასდროს
გაამართლო ცუდი სერვისი შენი ბიზნესის სიმცირით — ზომა არ განსაზღვრავს ხარისხს.
გჯეროდეს ადამიანების, რომლებიც გარშემო შემოიკრიბე
ბიზნესი, როგორც ორგანიზმი ბევრი კომპონენტისგან შედგება, რომელსაც ერთი ადამიანის რესურსი ფიზიკურად არ ეყოფა. ნუ
ეცდები, ყველა საქმეს შენით გაუმკლავდე, შემოიკრიბე გარშემო ისინი, ვისაც ენდობი, იყავით “ბითლზები” ბიზნესში და
დაინაწილეთ საქმე შესაძლებლობების მიხედვით, აკეთოს ყველამ ის, რაც საუკეთესოდ გამოსდის.
ციფრული პლატფორმები დიდ ბიზნესთან გათანაბრების შესანიშნავი საშუალებაა
მცირე ბიზნესს შეუძლია ჰქონდეს უკეთესი ვებ-გვერდი ან თუნდაც, მომხმარებელს უფრო სწრაფად და ყურადღებიანად მოემსახუროს,
ვიდრე მსხვილი კომპანია. ციფრული სამყარო გვაძლევს შესაძლებლობას ნაკლები რესურსით დავუახლოვდეთ ადამიანებს და მათ
საუკეთესო ციფრული გამოცდილება შევთავაზოთ. მცირე ბიზნესს აქვს უფრო მეტი შანსი, მომხმარებელს აგრძნობინოს, რომ ის
უნიკალურია.
გაზრდის სურვილით შეპყრობილმა არ დაკარგო ერთგული მომხმარებლები
სიდიდე ყოველთვის უპირატესობა არ არის, მასობრივ ბაზარზე გასვლა ყველა ბიზნესს არ არგებს. სანამ იმ სათამაშო მოედანს
გასცდები, სადაც ბევრი გულშემატკივარი გყავს, დაფიქრდი, გჭირდება გაზრდა და შენი ბიზნესის მასობრივ ბაზარზე გატანა?
გეჭიროს ხელი მომხმარებლის პულსზე
მომხმარებლის მოსმენა მხოლოდ ბიზნესის წამოწყებისას არ კმარა. შენს ბიზნესთან ერთად იცვლება ადამიანების ცხოვრებაც,
შესაბამისად, მათი საჭიროებებიც, ამიტომ ყოველთვის საქმის კურსსში იყავი, თუ რა ამოძრავებთ შენს მომხმარებლებს. მცირე
ბიზნესს აქვს შესაძლებლობა გულისყურით, ახლოდან მოუსმინოს მომხმარებელს. თუ შენ მუდამ გეცოდინება რა უნდათ ადამიანებს,
შეძლებ მისცე მათ სწორედ ის, რაც აქ და ახლა სურთ.
ასე რომ, იმისთვის, რომ შენი ბიზნესი წარმატებით განვითარდეს, მოგიწევს უამრავი გეგმის შემუშავება, სხვადასხვა ქმედებების მოსინჯვა, მათი ეფექტურობის შეფასება და ხანდახან მიდგომების შეცვლაც. რაღაც მხრივ მცირე ბიზნესის ამუშავება გაცილებით რთული ამოცანაც კია, ვიდრე წელში გამართული მსხვილი კომპანიისთვის სტაბილურობის შენარჩუნება, ამიტომ შენ, როგორც მცირე ბიზნესის წარმომადგენელს, გახსოვდეს — განვითარების წინაპირობა წინაღობების გადალახვაა და ამ წინაღობებს არ შეუშინდე. გახსოვდეს, რომ ოდესღაც ყველა დიდმა ორგანიზაციამ მცირედით დაიწყო, გახსოვდეს, რომ განვითარება, ზრდა და წარმატება მხოლოდ შრომასა და ბევრ ცდასთან ერთად მოდის.
წყარო: https://seths.blog/